„სქროლვა-სქრინვის“ სამმართველომ 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევა გამოავლინა – შსს

53 minutes ago 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 თვეში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ“, რომელსაც საზოგადოება ე.წ. „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს უწოდებს, 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

უწყება ამბობს, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები“ იყო ერთ-ერთი თემა, რაც მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მოადგილესთან ერთად „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა“ და იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრაზე განიხილეს.

უწყებამ სამმართველოს თანამშრომლების ფოტოებიც გაავრცელა.

„მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე, საჯარო სივრცეში სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამინისტროს მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგები. აღინიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი და სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ 1 ივნისიდან ფუნქციონირებს. ის საზოგადოებაში „სქროლვა-სქრინვის“ სამმართველოს სახელითაა ცნობილი. როგორც თავად სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამთა ქიმბარიშვილმა განმარტა, „სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა“. მას შემდეგ, რაც მონიტორინგი დაიწყო ათობით ადამიანი დაჯარიმდა, ხოლო მაგალითად „ფორმულას“ ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია პირველი იყო, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სრულად წაკითხვა