დეზინფორმაცია ვრცელდება – რას ამბობს მიქანაძე სტუდენტების დაფინანსებაზე

52 minutes ago 2

გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების დაფინანსების ახალ მოდელზე „გასული ორი დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია“.

მისივე აზრით, ამის მიზანი საზოგადოებისთვის არასწორი აღქმების შექმნა და „დაბნეულობის შეტანაა“.

დაფინანსების საკითხზე მანამდე მისმა მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა და თქვა, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი.

მოადგილემ ასევე განმარტა, რომ საუბარი არაა მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე და ქულებზე, დღეს იგივე გაიმეორა მინისტრმა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს:

„ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება, ანუ სტუდენტს და მის ოჯახს არ უწევს არაფრის გადახდა სწავლაში, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ სრულიად უფასოდ, მაგრამ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, დააგროვოს დადგენილი კრედიტების, მინიმუმ, 80%, რათა მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება“, – ამბობს მიქანაძე. 

მისივე განცხადებით, შემდეგ ყოველ სემესტრზე ანალოგიური პრინციპი გავრცელდება – ანუ, თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ან მეტს დააგროვებს, მომდევნო სემესტრში უფასოდ ისწავლის. თუ სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს, რომ შემდეგ სემესტრში 100%-იანი დაფინანსება მიიღოს, მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს.

მიქანაძემ ასევე განმარტა, რომ სტუდენტს საშუალება ექნება, რომ შემდეგ სემესტრში აიღოს დამატებითი საგნები, მიიღოს საჭირო კრედიტების რაოდენობა და მომავალ სემესტრში „კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება“.

„ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, რათა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს და ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს არის მაღალი ქულებით მოპოვებული კრედიტი თუ დაბალი ქულებით და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას“, – ამბობს მიქანაძე.

რაც შეეხება მობილობის შემთხვევაში დაფინანსებას, „პირველი არხის“ ცნობით, მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლისას, სტუდენტს მოპოვებული „სწავლის დაფინანსების სქემა გადაჰყვება“, კერძო უნივერსიტეტში – არა.

„მობილობით თუ გადავიდა კერძო უნივერსიტეტში, იქ დაფინანსება აღარ ექნება, რადგან, იცით, რომ კერძო უნივერსიტეტის დაფინანსება ახალი მოდელით არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

სრულად წაკითხვა