ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "ფაიფურა", რომელიც „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის იძებნებოდა, დაკავებულია.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის ფინანსური დავებს აგვარებდა, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა.
ე.წ. კანონიერი ქურდის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ფაიფურას" აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
ზაზა ფარქოსაძე - გოგოლაძის - იგივე "ფაიფურას" შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ტვ პირველის გადაცემა "შაბათის ეთერმა" მოამზადა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა შუბუთიძის გარემოცვის წევრი, "ფაიფურა" პოლიციას გაექცა - მაშინ "შაბათის ეთერს" უყვებოდნენ, რომ "ფაიფურას" მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ წინასწარ ჰქონდა.

53 minutes ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·