„გზის გადაკეტისთვის“ პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა 5000-ლარიანი ჯარიმა - cmis

1 month ago 9

პოლიციამ საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების გაშუქების დროს 17 ჟურნალისტს გამოწერა 5000-ლარიანი ჯარიმა „გზის გადაკეტისთვის“. მონაცემებს აქვეყნებს „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი“.

„ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება გზის გადაკეტვის საფუძვლით“, - წერია ანგარიშში.

„გზის გადაკეტისთვის“ დაჯარიმებულ ჟურნალისტებს შორის მოხვდნენ: რადიო თავისუფლების, OC Media-ს, „რადიო თბილისის“, „ფორმულის“, „TV პირველის“, „მთავარი არხის“, „სტუდია მონიტორის“, „პუბლიკის“, „ტაბულის“, „აპრილის“ და „ევრონიუსის“ თანამშრომლები. მათ ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმა გაუუქმა, ნაწილი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ნაწილს კი საკითხის განხილვა გადაუვადეს.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 100 დღეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.

ამ დროის განმავლობაში პოლიციამ იძალადა არამხოლოდ დემონსტრანტებზე, არამედ იმ ჟურნალისტებზეც, რომლებიც მიმდინდარე მოვლენებს აშუქებდნენ. დასჯილი არავინ არ არის.

სრულად წაკითხვა