ზელენსკი: ვასრულებთ მუშაობას 20-პუნქტიან დოკუმენტზე და მოველით, რომ უახლოეს ხანში მივაწოდებთ აშშ-ს

2 hours ago 1

"მიმდინარე კვირა შესაძლოა იყოს ახალი ამბის მომტანი ყველა ჩვენგანისთვის და ამბისა სისხლისღვრის დასასრულებლად", - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

პრეზიდენტის სიტყვებით, დღეს, 10 დეკემბერს, დაგეგმილია "საუბარი ამერიკულ მხარესთან დოკუმენტზე, რომელშიც ჩაიწერება უკრაინის ომისშემდგომი აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების დეტალები".

ზელენსკი აგრეთვე აღნიშნავს, რომ პარალელურად სრულდება მუშაობა ძირითად, 20-პუნქტიან დოკუმენტზე, "რომლითაც შესაძლებელია განისაზღვროს ომის დასრულების პარამეტრები და მოველით, რომ ამ დოკუმენტს აშშ-ს უახლოეს ხანში მივაწოდებთ, პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან და ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად".

უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ უკრაინა 24/7-ზე რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას ყველა პარტნიორთან, "ომის დასასრულებლად ყველა შესაძლებელი და რეალისტური ნაბიჯის განსასაზღვრად" და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ყველაფერი უნდა იყოს უკრაინისთვის სანდო და ღირსეული".

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, 11 დეკემბერს დაგეგმილია შეხვედრა “მსურველთა კოალიციის” ფორმატში, რომლის მიზანიც არის მომავალი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მხრიდან აგრესიის გამეორების პრევენცია.

"გვჯერა, რომ მშვიდობას არ გააჩნია ალტერნატივა და მთავარი საკითხებია, როგორ მოხდეს რუსეთის იძულება, რომ შეწყვიტოს მკვლელობები და სახელდობრ, რა შეაკავებს რუსეთს მესამედ შემოჭრისგან", - წერს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც 10 დეკემბერსვე, ამ პოსტის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე წერდა აგრეთვე უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა უკრაინის გარშემო, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობას - „კერძოდ, მისი კომპანიებისა და სახელმწიფო სისტემის ჩინურ ინვესტიციებზე, ტექნოლოგიებსა და პოლიტიკურ პრიორიტეტებზე დამოკიდებულებას“.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, უკრაინის დაზვერვა თვალს ადევნებს "ჩინეთის სასარგებლოდ რუსეთის ტერიტორიის ნაწილების დესუვერენიზაციის მზარდ ტრენდს - უპირატესად რესურსებით მდიდარი მიწის გამოყენებითა და იშვიათი რესურსების ჩინეთისთვის მიყიდვით. აგრეთვე ვხედავთ, რომ ჩინეთი დგამს ნაბიჯებს რუსეთთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად, სამხედრო-ინდუსტრიული სექტორის ჩათვლით. პარტნიორ სადაზვერვო სამსახურებსაც აქვთ მსგავსი ინფორმაცია“.

ზელენსკი წერს, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურს დაავალა, უფრო საფუძვლიანად დააკვირდეს მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობას - „ყველა ასპექტს, რომლებიც ეხება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, აგრეთვე ყველა ასპექტს, რომლებიც უკავშირდება ევროპასა და აშშ-ში ჩვენი პარტნიორების ინტერესებს“.

მოსკოვში, კრემლში, 2 დეკემბერს ტრამპის წარმომადგენლების, სტივენ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, 4-6 დეკემბერს გაიმართა უკრაინა-ამერიკის მხარეების შეხვედრა მაიამიში. იმავე დღეებში უკრაინის პრეზიდენტი მართავდა შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, უკრაინის დელეგაციამ რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ელოდება კიევის პოზიციას. "პოლიტიკოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ "დროა, მან [ზელენსკიმ - რ.თ.] თავი ხელში აიყვანოს და დაიწყოს რეალობის ისე მიღება, როგორიც ის არის".

სრულად წაკითხვა