ბავშვების აღზრდა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში-განვითარების ახალი გზა თუ ტვინის მოდუნების საფრთხე?

1 week ago 15

ანა სვიანაძე

21-ე საუკუნის ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც ტექნოლოგიები აღარ არის დამატება — ისინი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილია. მათ ეხმარებიან ციფრული ასისტენტები, თამაშობენ ინტელექტუალურ თამაშებს, კითხულობენ AI-დამზადებულ ტექსტებს და ხშირად იღებენ კითხვებზე პასუხს არა მასწავლებლისგან, არამედ ხელოვნური ინტელექტისგან. ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა:

როგორ მოქმედებს ხელოვნური ინტელექტი ბავშვების ტვინზე?

გვმართებს თუ არა შიში, რომ ის აზროვნებას “ადუნებს” და სწავლას ზედაპირულს ხდის?

გარკვეული წრეები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ბავშვები ზედმეტად ეყრდნობიან ტექნოლოგიურ დახმარებას და კარგავენ უნარს დამოუკიდებელი ფიქრისთვის. “დათვურ სამსახურს” უწევს ხელოვნური ინტელექტი ბავშვის გონებას — სთავაზობს მარტივ პასუხებს, თუმცა ნაკლებ ადგილს უტოვებს კითხვის დასმისა და გააზრების პროცესს. მაგრამ რეალობა გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ერთი შიშით დათქმული ფრაზა.

გლობალური გამოცდილება გვიჩვენებს ორ რეალობას:

მოწინავე ქვეყნები – როგორიცაა ფინეთი, სინგაპური და ესტონეთი – უკვე ინტეგრირებენ AI-ს განათლებაში, მაგრამ მკაცრად აკონტროლებენ მის გამოყენებას. ფინეთში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება არა როგორც სწავლის შემცვლელი, არამედ როგორც ფიქრის გამავრცელებელი. ბავშვს არ აწვდიან მზა პასუხებს – სისტემები მიმართულია იმაზე, რომ მოსწავლემ თავად დასვას კითხვა და პასუხის ალტერნატივები შეაფასოს.

სინგაპურში მასწავლებლები სპეციალურ ტრენინგებს გადიან, რათა სწორად მართონ ბავშვების ურთიერთობა AI-თან, და არ მისცენ ტექნოლოგიას სრული კონტროლი. ესტონეთი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყველა ციფრული გადაწყვეტა იყოს ადაპტირებული ასაკობრივ და განვითარებით დონეზე.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არსებობს ცალსახა პოლიტიკა ბავშვებისა და AI-ის ურთიერთობაზე. სწავლებისას ზოგიერთი კერძო სკოლა უკვე იყენებს ინტელექტუალურ პლატფორმებს, მაგრამ მასწავლებელი ხშირად მარტო რჩება — არ აქვს მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი, როგორ განასხვავოს ტექნოლოგიის დახმარება და ტვინის “გადაჭარბებული გათავისუფლება”.

ამასთან, მშობლებიც ხშირად გადადიან ორ უკიდურესობაში – ან აკრძალავენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ან სრულად ანდობენ მას ბავშვის კითხვებზე პასუხის გაცემას.

სიმართლე იმაშია, რომ ბავშვის ტვინს არ აზარმაცებს AI – ამას იწვევს მისი არასწორი გამოყენება. თუ ბავშვი მხოლოდ კოპირებს, თუ მას აღარ აქვს სტიმული იფიქროს, გააანალიზოს ან შეკითხვა დასვას მაშინ კი, AI ხდება ზედაპირული ცოდნის წყარო; მაგრამ თუ ის გამოიყენება კრეატიული დავალებების შესასრულებლად, ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად ან საკუთარი აზრის დასაბუთებისთვის – სწორედ
მაშინ ის ხდება განვითარების ინსტრუმენტი.

ჩემი პირადი გამოცდილებით, როდესაც ბავშვებთან ვმუშაობ ან მასწავლებლებს ვესაუბრები, ხშირად ვხედავ, რომ მოზარდები ძალიან მალე „ერწყმიან“ AI-ს. მაგრამ ამავე დროს, აშკარად ჩანს განსხვავება იმ ბავშვებს შორის, ვინც ტექნოლოგიას უბრალოდ პასუხის მისაღებად იყენებს, და მათ შორის, ვინც მას კითხვების დასმის, ანალიზისა და თვითგამოხატვის საშუალებას ხედავს.

ამიტომ დღეს საქართველოში ჩვენს პასუხისმგებლობად რჩება:

AI განათლების გაკვეთილებში არა როგორც თემა, არამედ როგორც კომპეტენცია შევიყვანოთ – ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს AI-თან და როგორ შეინარჩუნოს საკუთარი აზროვნება.

მასწავლებლებსა და მშობლებს მივაწოდოთ ცოდნა, როგორ მართონ ბავშვების ციფრული გამოცდილება – აკრძალვა არ არის გამოსავალი, გზის ჩვენებაა საჭირო.

შევქმნათ ქართულენოვანი და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული AI-სწავლების მოდელები, რათა არ ვიყოთ მხოლოდ გლობალური პროდუქტის მომხმარებლები.

ბავშვები არ უნდა იყვნენ უბრალოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები – ისინი უნდა იყვნენ მომავლის არქიტექტორები. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესში ან გახდება მათი აზროვნების კატალიზატორი, ან – მისი გამაფანტავი. არჩევანი ჩვენს ხელშია.

სრულად წაკითხვა