„მე ბარგი ჩალაგებული მქონდა... გუშინ შემოვიდნენ ექსპერტები, ვთხოვე, რომ დავრეკავდი ადვოკატებთან, არ არის საჭიროო. ვერ გავიგე რა ხდება ჩემს თავს, არ მაქვს საკუთარი უფლებები? პროკურორებმა ამიხსენით, მაქვს თუ არა უფლებები, როგორც პატიმარს“, - თქვა დათაშვილმა.
„გუშინ ჩუმად შეაპარეს ნინოსთან სამხარაულის ექსპერტები... ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე“, - თქვა ადვოკატმა გაბოძემ დღეს სასამართლო სხდომაზე.
„ერთი მხრივ, განჩინებაში ეწერა, რომ ნინოს უნდა ჩასტარებოდა სტაციონარული ექსპერტიზა და მეორე მხრივ, ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. შეიყვანეს შეცდომაში სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული, მოტყუებით ჩაუტარეს მათ ნინოს გასაუბრება“, - განაცხადა მან.
„რატომ ჩაუტარეთ ამბულატორიული ექსპერტია, თუ თვლით, რომ სტაციონარული იყო საჭირო? თუ თქვენ თვლით, რომ აუცილებელი იყო ნინოს სტაციონარში მოთავსება, რატომ შეაპარეთ ექსპერტები? უპასუხეთ საზოგადოებას. ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა“, - თქვა ადვოკატმა.
როგორც მან დააზუსტა, ექსპერტი, რომელმაც დათაშვილი შეამოწმა, იყო დავით მაღრაძე: „მალულად ჩაატარეს გასაუბრება. სწორედ ამიტომ დაუშვებელია, რომ პროკურორი მედეა ცირამუა დღე ნინო დათაშვილის სხდომაზე იჯდეს“, - ამბობს ადვოკატი.
„ამ ექსპერტიზის ჩატარება არის აუცილებელი, რომ სასამართლომ მიიღოს შემაჯამებელი დასკვნა, სწორედ ამიტომ იქნა დანიშნული ექსპერტიზა. არცერთ შემთხვევაშო ეს წამებას არ ემსახურება და არ არის სადამსჯელო ღონისძიება“, - თქვა დღესვე საქმის პროკურორმა, მედეა ცირამუამ.
აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას, უკეთეს შემთხვევაში, დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.
იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.
ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა დასწრება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.
ამ ვიდეოში ჩანს, რა ხდება სასამართლოში, როგორ უწევს ის წინააღმდეგობას მანდატურებს, როდესაც მათ ქალი სასამართლოდან ძალით გაჰყავთ.
ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატი თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.
ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.
დღევანდელ, 7 აგვისტოს სხდომაზე ნინო დათაშვილმა ასევე განაცხადა: „ყოველ ჯერზე მიწევს იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. ჩემთვის ძალიან მძიმეა მოძალადეების ხილვა ყოველ ჯერზე“.
მოსამართლე მას ჰკითხა: „არის ამ დარბაზში ისეთი მანდატური, რომელმაც თქვენზე იძალადა?“
დათაშვილმა უპასუხა: „დიახ“.
მოსამარლე: „გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი იმ მანდატურებმა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, არიან აქ ასეთები?“
ნინო დათაშვილმა და დარბაზმა ერთად უპასუხეს: „კი, არის“.
მათ უთითებენ მანდატურის სამსახურის უფროსზე, დავით მატიაშვილზე, რომელიც კარში იდგა.
დავით მატიშვილი დარბაზიდან გასვლაზე თავდაპირველად უარს ამბობდა და ამტკიცებდა, რომ მას ნინო დათაშვილზე არ უძალადია. „გაჩვენებთ კადრებს“ - შესძახეს დარბაზიდან.
მოსამართლემ მას კვლავ სთხოვა, დაეტოვებინა დარბაზი, რის შემდეგაც მან, ხალხის შეძახილის ფონზე, დარბაზი დატოვა: „კი ბატონო, დავტოვებ“.