სააპელაციომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - მას პაპაშვილისთვის ₾4.7-ის ნაცვლად ₾1.5 მილიონის გადახდა დაეკისრა

3 hours ago 3

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა „რძისა და სკინტლის სკანდალთან“ დაკავშირებული საქმის განხილვა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანის, „ჩირინას“ საჩივარი.

ამ კომპანიას ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ფირმისათვის მაინც უნდა აუნაზღაუროს ის, რაც ზარალად ჩათვალა - ჯამში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი 4.7 მილიონი ლარის ნაცვლად 1.6 მილიონი ლარი.

ამ საქმეზე მხარეები იყვნენ „ჩირინა“ და „ყვარლის ბაგა“ - შესაბამისად, ამ კომპანიების დამფუძნებელი ბიზნესმენები, რევაზ ვაშაკიძე და ლაშა პაპაშვილი.

7 ივლისს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც „ჩირინას“ გავრცელებულ ცნობაში წერია:

  • სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ აკისრებდა „ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას;
  • მეორე მხრივ, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - 1,6 მილიონი ლარი - უნდა აუნაზღაუროს.
  • წინა ინსტანციის სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქონლის დახოცვის მიზეზი „ჩირინას“ ნაკელი იყო და სრულად დააკმაყოფილა „ყვარლის ბაგის“ მოთხოვნა - „ჩირინას“ დააკისრა გაფუჭებული რძის, დახოცილი საქონლის და ამ საქონლით მომავალში მიუღებელი შემოსავლის ჯამი (1.6 მილიონი და 3.1 მილიონი) ლარი, რაც 4,7 მლნ ლარი გამოდიოდა.

სააპელაციო სასამართლომ ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა - დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს მოგვიანებით ჩაჰბარდებათ.

კომპანია „ჩირინა“ აცხადებს, რომ კვლავ გაასაჩივრებს საქმეს და უზენაეს სასამართლოს მიმართავს. კომპანიიდან რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ პრესრელიზში წერია, რომ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს:

„საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ჩირინამ“ „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია“.

„ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება 1.6 მლნ ლარამდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის“, - ასეთია ვაშაკიძის პოზიცია.

რადიო თავისუფლების მიერ გაშუქებული დოკუმენტების მიხედვით, „ჩირინას" ნაკელს “ყვარლის ბაგა” ძროხებს ერთი წლის განმავლობაში აჭმევდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ყვარლის ბაგის“ მონაცემებზე დაყრდნობით ერთი წლის განმავლობაში დახოცილი და დაავადებული საქონლის შედეგად მიღებული ზარალი დააკისრა „ჩირინას“.

მანამდე ამ საქმეს რუსთავის სასამართლო განიხილავდა - რუსთავის სასამართლომ „ყვარლის ბაგის“ ეს მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და ეს ასე ახსნა:

  • „მოსარჩელე შპს „ჩირინასგან“ საკვებ დანამატებს იღებდა 2018 წლის ივლისიდან, ხოლო ცხოველის სიკვდილის გამო ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 2018 წლის აგვისტოს თვეში დახოცილი ცხოველების გამოც.
  • მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ კვლევებში არ არის მითითებული იმის შესახებ, ანტიბიოტიკის ეს თვისება შესაძლოა ცხოველის სიკვდილის მიზეზი გახდეს ანტიბიოტიკის გამოყენებიდან მოკლე დროში.
  • კვლევებში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ანტიბიოტიკის ჭარბი მოხმარება ცხოველის სიკვდილს იწვევს. ამდენად, გარდა იმისა, რომ არ დასტურდება 2019 წლის ივლისამდე მოპასუხისგან მიღებულ საკვებ დანამატში ანტიბიოტიკის არსებობა, ასევე არ დასტურდება, რომ ტეტრაციკლინის ჭარბად მიღება იწვევს ცხოველების სიკვდილს“.

რადიო თავისუფლების სტატია ამ საკითხზე 2025 წლის 31 მარტს გამოქვეყნდა - ამ გამოძიებით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“.

ძროხების ქათმის ნაკელით გამოკვებაზე რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა „ყვარლის ბაგის“ მიერ „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა - რძის მწარმოებელი კომპანია სკინტლის გამყიდველს 2018-19 წლებში 200-მდე ძროხის დახოცვაში ადანაშაულებდა - ამტკიცებდა, რომ ნაყიდ ნაკელში ანტიბიოტიკი აღმოჩნდა.

სრულად წაკითხვა