აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) თბილისში გამართულ “MEGOBARI აქტის” მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომელთაც ძლიერი ქვეყანა სურთ ამერიკასთან ახლო კავშირებით. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ გვერდში უდგას საქართველოს! #MEGOBARI”, - წერს ჯო უილსონი.
22 მარტს, 20.00 საათზე თბილისში მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდა.
მსვლელობაში, რომელიც აშშ-ის სენატში ინიციირებული „MEGOBARI აქტის“ მხარდასაჭერად გაიმართა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები.
"საქართველოს გაუმარჯოს", "საქართველოსა და ამერიკის მეგობრობას-გაუმარჯოს", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც ასევე მიჰქონდათ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, სხვადასხვა შინაარსის ბანერები, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სენატორ ჯიმ რიშის და სხვა სენატორების ფოტოები.
„MEGOBARI აქტში“, ფაქტობრივად, მოცემულია ის ყველაფერი, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს - მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამიტომ, აქტის მიღება ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა.