WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 14 აგვისტოს განაცხადა, რომ ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-მა ბოლო დროს არსებული პრაქტიკის შესაბამისად პირის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა ცხინვალის რეგიონში არსებული საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ 46 წლის გიორგი ხარაიშვილი 2025 წლის 5 დეკემბერს დააკავეს და მას ბრალად „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“ ედებოდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, იგი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

სუს-მა განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში“.

უწყების ინფორმაციით, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი და „მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები“.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – დასძინა სუსმა.

This post is also available in: English