WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა „ქართული ოცნებიდან“, პაატა კუნჭულიამ 14 აგვისტოს თანამდებობის დატოვების შესახებ გაავრცელა განცხადება და ამის მიზეზად მხარდაჭერის ნაკლებობა, პოლიტიკაში ყოფნის სირთულეები და „აგენტურული ოპოზიციურო მედიასაშუალებების“ მხრიდან გამოცხადებული „ნადირობა“ დაასახელა.

„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ გრძელ პოსტში, კუნჭულიამ ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტის მიღწევებს მისი ხანმოკლე ვადით მუშაობის პერიოდში. თუმცა, იქვე დასძინა, რომ „აგენტურულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული  წარმატებასა და პროგრესზე“.

შემდეგ მან ადგილობრივ ხელისუფლებაში ერთიანობისა და მხარდაჭერის ნაკლებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სახელმწიფო რწმუნებულმა და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, არაერთხელ, მათ შორის საჯაროდაც  მოუწოდეს კონკრეტულ ადგილობრივ თანამდებობის პირებს ერთიანობისკენ, სამწუხაროდ, სათანადო მხარდაჭერა და გვერდში დგომა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების კვალდაკვალ, ვერ ვიგრძენი“.

„ამასთან დაკავშირებით გარკვეული გულისწყვეტა ნამდვილად მაქვს, რამაც გარკვეული როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, ეს არ იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა“, – განაცხადა კუნჭულიამ.

მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს და ოზურგეთის მაცხოვრებლებს და „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა მმართველ გუნდს და მის ლიდერებს  „გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის“.

კუნჭულია ოზურგეთის მერად 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე აირჩიეს. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო.

This post is also available in: English