2026 წლის 10 აპრილიდან ევროკავშირში ოფიციალურად ამოქმედდა საზღვრის ციფრული კონტროლის ახალი სისტემა – Entry/Exit System (EES), რომელიც ავტომატურად აღრიცხავს ევროკავშირის არაწევრი (ე. წ. მესამე) ქვეყნების მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლისას.
სისტემის მიზანი მარტივია: პასპორტში შტამპების ნაცვლად – ციფრული რეგისტრაცია, უსაფრთხოების გაძლიერება და საზღვრის კონტროლის ავტომატიზაცია. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, იდეალურმა გეგმამ პრაქტიკაში სერიოზული პრობლემები წარმოქმნა.
რას გულისხმობს EES და როგორ მუშაობს
EES ტრადიციულ სასაზღვრო პროცედურას ცვლის. ახლა უკვე შენგენის ზონაში შესვლისას მოგზაურებს უწევთ:
- სახის სკანირება;
- თითის ანაბეჭდების ჩაბარება;
- მონაცემების ციფრულ ბაზაში დაფიქსირება.
ეს პროცესი ეხება ევროკავშირის არაწევრი ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს.
რატომ შეიქმნა პრობლემა
თეორიულად, სისტემა უნდა ამცირებდეს სასაზღვრო პროცედურის დროს, თუმცა პრაქტიკაში პირიქით მოხდა.
ევროპის წამყვანი ავიაკომპანიები, მათ შორის, Ryanair-ი, აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა რიგები პასპორტის კონტროლზე; მგზავრებს ექმნებათ რეისებზე დაგვიანების რისკი და აეროპორტები პიკური სეზონისთვის მზად არ არიან.
მედიის ცნობით, რიგ შემთხვევაში მგზავრებს სასაზღვრო პროცედურის გასავლელად 2-3 საათამდე ლოდინიც უწევთ.
განსაკუთრებით რთული ვითარება დაფიქსირდა ათენის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მგზავრები სერიოზულ შეფერხებებზე საუბრობდნენ.
მოგზაურების თქმით, საპასპორტო და საბაჟო კონტროლის გავლას ხშირად 1.5 საათზე მეტი სჭირდება; რიგები ათეულობით მეტრზე იწელება; საკონტროლო ზონაში არ არის საკმარისი დასასვენებელი სივრცე და წყალი.
ზოგი მგზავრი იძულებულია იატაკზე დაჯდეს და ბარგს მიეყრდნოს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგრძლივი ლოდინის გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ოჯახები ბავშვებით – დაღლილობა, სტრესი და ხმაური კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას.
ACI Europe-ის და Airlines for Europe-ის (A4E) ინფორმაციით, ზოგიერთი თვითმფრინავი ნახევრად ცარიელი გაფრინდა დიდი ბრიტანეთის მიმართულებით, მაშინ როდესაც მგზავრები ჯერ კიდევ საპასპორტო კონტროლის რიგში იდგნენ და ვერ მოასწრეს თვითმფრინავამდე მიღწევა.
ექსპერტები პრობლემის მიზეზებად ასახელებენ:
- პერსონალის შესაძლო დეფიციტს;
- გაძლიერებულ ბიომეტრიულ კონტროლს;
- მგზავრთა ნაკადის მკვეთრ ზრდას.
აშკარა გახდა, რომ სიტუაცია სისტემურ ხასიათს იღებს, განსაკუთრებით პიკური ტურისტული სეზონის პერიოდში.
პირველი რეაქცია: სამხრეთ ევროპის ქვეყნები წესებს ამსუბუქებენ
ყველაზე სწრაფი რეაგირება შექმნილ მდგომარეობაზე საბერძნეთმა მოახდინა, რომელმაც დროებით შეამსუბუქა ბიომეტრიული პროცედურები აეროპორტებზე დატვირთვის შესამცირებლად, მათ შორის, მთლიანად შეაჩერა EES შემოწმებები დიდი ბრიტანეთიდან ჩასული ტურისტებისთვის, სულ ცოტა, პირველ სექტემბრამდე.
ანალოგიურ ნაბიჯებს განიხილავენ იტალია, ესპანეთი და პორტუგალია, ამ უკანასკნელმა საბერძნეთზე ადრე არაოფიციალურად შეამსუბუქა EES სისტემა გრძელი რიგების გამო ლისაბონის, ფარუსა და პორტუს აეროპორტებში.
აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის სისტემის გაუქმებაზე – EES ძალაში რჩება, თუმცა მისი პრაქტიკული გამოყენება დროებით „რბილდება“.
იგივე სიტუაცია შეიქმნა ესპანეთის, იტალიისა და ბელგიის აეროპორტებშიც.
მილანში, რომელიც სიცხის ტალღის შუაგულში იმყოფება, easyJet-ის რამდენიმე მგზავრს 12 აპრილს ლინატეს აეროპორტში რიგში სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში დგომისას გულისრევა დაეწყო და ზოგიერთმა გონება დაკარგა, იუწყება BBC.
ევროკავშირისთვის EES ნიშნავს უსაფრთხოებას, კონტროლს და მიგრაციის მართვას, მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემოსავალი, სეზონის წარმატება და კმაყოფილი ტურისტი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ სურს საზაფხულო მოგზაურობის პირველი დღე აეროპორტში მრავალსაათიან რიგში გაატაროს.
სისტემის მთავარი პრობლემა: თეორია vs რეალობა
EES კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის კლასიკურ სუსტ წერტილს: ქაღალდზე – სწრაფი და ეფექტიანი სისტემა, რეალობაში კი – ათასობით მომლოდინე და გატანჯული მგზავრი, შეზღუდული ინფრასტრუქტურა და „ცაიტნოტი“.
ნებისმიერი დამატებითი პროცედურა საზღვარზე, როდესაც ის ათასობით ადამიანზე მრავლდება ყოველდღიურად, ავტომატურად ქმნის შეფერხებებს.
რას ნიშნავს ეს ქართველი ტურისტებისთვის
საქართველოს მოქალაქეებისთვისაც EES უკვე რეალობაა და ნიშნავს:
🔹 შენგენის ზონაში შესვლისას ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება აუცილებელია;
🔹 უნდა გათვალოთ, რომ აეროპორტში მეტი დროის გატარება მოგიწევთ – განსაკუთრებით ზაფხულში;
🔹 არსებობს რიგების და დაგვიანებების რეალური რისკი;
🔹 პირველი მოგზაურობისას პროცედურა შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს.
თუმცა არსებობს დადებითი მხარეც: მომდევნო მოგზაურობისას პროცესი შესაძლოა უფრო სწრაფი გახდეს, რადგან მონაცემები უკვე სისტემაში იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- აეროპორტში მინიმუმ 3 საათით ადრე მიდით;
- მოემზადეთ ბიომეტრიული პროცედურებისთვის;
- გაითვალისწინეთ შესაძლო დაგვიანებები პასპორტის კონტროლისას;
- თუ ტრანზიტული მარშრუტით მიდიხართ, ყურადღება მიაქციეთ „გადაჯდომის“ დროს – არ დაგეგმოთ ძალიან მჭიდრო ტრანზიტები.
ნინო ხოშტარია

21 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·