საბერძნეთის კუნძულ ეგინაზე ტრაგედია დატრიალდა: 20 თვის გოგონას სახლში ცურეკის ლუკმა გადასცდა. ექიმები მისი სიცოცხლისთვის მთელი ძალებით იბრძოდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
ეგინაზე მომხდარმა შემთხვევამ ადგილობრივი საზოგადოება შეძრა: სულ რაღაც წლის და 8 თვის გოგონა საკუთარ სახლში საკვების გადაცდენის შედეგად დაიღუპა. ჩვეულებრივი ოჯახური მომენტი რამდენიმე წამში ბავშვის სიცოცხლისთვის ბრძოლად იქცა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სამშაბათს, 5 მაისს მოხდა. გოგონა ცურეკს ჭამდა, როდესაც მოულოდნელად სუნთქვის გაძნელება დაეწყო. სავარაუდოდ, საკვების ნაჭერმა სასუნთქი გზების დახშობა გამოიწვია.
შოკსა და პანიკაში მყოფმა მშობლებმა ბავშვი დაუყოვნებლივ ეგინის ჯანმრთელობის ცენტრში მიიყვანეს, სადაც მაშინვე განგაში გამოცხადდა: ექიმებმა და ექთნებმა მყისიერად დაიწყეს რეანიმაციული ღონისძიებები ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების დასაბრუნებლად.
გარკვეული დროით იმედიც გაჩნდა: ბერძნული გამოცემების თანახმად, ბავშვის მდგომარეობა მცირე ხნით გაუმჯობესდა, თუმცა მალევე სიტუაცია კვლავ მკვეთრად დამძიმდა. მედიკოსები ბრძოლას აგრძელებდნენ, მაგრამ დრო ძალიან ცოტა იყო.
ამის შემდეგ სასწრაფო ევაკუაცია დაიგეგმა. სანაპირო დაცვის კატერით გოგონა ეგინიდან პირეოსში გადაიყვანეს. იქ მას უკვე ელოდა სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია კი მზადყოფნაში იყო, რათა ბავშვი საქალაქო საავადმყოფოში მაქსიმალურად სწრაფად მიეყვანათ.
„ძანეიოს“ საავადმყოფოში ექიმების ბრიგადა 70 წუთის განმავლობაში ატარებდა ინტენსიურ რეანიმაციულ ღონისძიებას და ინტუბაციას, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ ექიმებმა ბავშვის გარდაცვალება დაადასტურეს. ინციდენტთან დაკავშირებით პირეოსის კომპეტენტური სასამართლო სამედიცინო სამსახურის ექსპერტიზის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ეს ძალიან სამწუხარო შემთხვევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამხელა სიფრთხილეა საჭირო პატარა ბავშვის კვებისას – ამ ასაკის ბავშვებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ღეჭვისა და ყლაპვის პროცესის სრულფასოვანი კონტროლი და რბილი საკვებიც კი შეიძლება სასუნთქი გზების დახშობის მიზეზი გახდეს, ამიტომ უფროსებს დიდი ყურადღება მართებთ, რომ ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულებრივი მომენტები ტრაგედიად არ გადაიქცეს.
ნინო ხოშტარია
P. S. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ჰეიმლიხის მანევრი – ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დასჭირდეს მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში.
გაითვალისწინეთ, რომ მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზრდილებში ტექნიკა განსხვავებულია. პროცედურის ჩატარების პარალელურად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება (საქართველოში – 112) ან, თუ გვერდით სხვა ადამიანიც არის, მას სთხოვეთ გამოძახება, რომ თქვენ დრო არ დაკარგოთ.
როგორ გადავარჩინოთ ბავშვი დახრჩობას
პირველი წამები გადამწყვეტია. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს სუნთქვა გაუძნელდა, გაულურჯდა ტუჩები, ვერც ახველებს და ვეღარც ხმას გამოსცემს, დაუყოვნებლივ მიმართეთ შემდეგ ზომებს:
1. 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის
ჩვილებზე ჰეიმლიხის კლასიკური მანევრის ჩატარება არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა შინაგანი ორგანოები დააზიანოს.
- პოზიცია: დააწვინეთ ბავშვი თქვენს მკლავზე მუცლით ქვემოთ, ისე რომ თავი ტანზე დაბლა ჰქონდეს. ხელით დაუჭირეთ ქვედა ყბა (არა ყელი!).
- დარტყმა: ხელისგულის ძირით 5-ჯერ მკვეთრად დაარტყით ბეჭებს შორის.
- შემოწმება: თუ უცხო სხეული არ ამოვარდა, გადმოაბრუნეთ ბავშვი ზურგზე და მკერდის ძვლის ქვედა ნაწილში (ორი თითით) 5-ჯერ სწრაფად დააწექით.
- გაიმეორეთ მოქმედება, სანამ ბავშვი სუნთქვას არ დაიწყებს ან უცხო სხეული არ ამოვარდება.
2. 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში
ეს არის კლასიკური მეთოდი, რომელიც „ამოსუნთქვის“ იმიტაციას ახდენს და ჰაერის ნაკადით აგდებს უცხო სხეულს.
- დადექით ზურგს უკან და ხელები წელზე შემოხვიეთ.
- ერთი ხელი შეკარით მუშტად და ცერა თითის მხარე მიადეთ ადამიანს მუცელზე, ჭიპის ოდნავ ზემოთ (კუჭის მიდამოში, ნეკნების ქვემოთ).
- მეორე ხელი მუშტს გადააჭდეთ.
- განახორციელეთ 5 სწრაფი და ძლიერი ბიძგი შიგნით და ზემოთ (თითქოს ადამიანის აწევას ცდილობთ).
- გაიმეორეთ, სანამ სასუნთქი გზები არ გათავისუფლდება.
როდის უნდა ვიმოქმედოთ?
მნიშვნელოვანია განვასხვაოთ სასუნთქი გზების ნაწილობრივი და სრული დახშობა:
- თუ ადამიანი ახველებს ან ლაპარაკობს: ნუ ჩაერევით, უბრალოდ წაახალისეთ, რომ ბევრი ახველოს. ხველა ყველაზე ეფექტიანი მექანიზმია.
- თუ ადამიანი ვეღარ სუნთქავს, ლურჯდება ან ყელზე ხელებს იჭერს: ეს არის მომენტი, როცა ჰეიმლიხის მანევრი სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ.
შენიშვნა: თუ ადამიანი გონებას კარგავს, მაშინვე უნდა გადახვიდეთ გულ-ფილტვის რეანიმაციაზე (მასაჟზე).

16 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·