ევროპის სამართლებრივ სივრცეში მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა – ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ იტალიის სოციალური პროგრამა Reddito di cittadinanza ნაწილობრივ არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას.
საუბარია ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე – ამ საბაზო შემოსავლის ბენეფიციარს მოეთხოვება ქვეყანაში მინიმუმ 10-წლიანი ცხოვრების ისტორია, მათ შორის, ბოლო ორი წელი – უწყვეტად. ევროპულმა სასამართლომ ეს პირობა არალეგიტიმურად და დისკრიმინაციულად მიიჩნია.
საქმე, რომელმაც სისტემა შეცვალა
დავა დაიწყო სუბსიდიარული დაცვის მქონე პირის, KH-ის სარჩელით, რომელიც 2011 წლიდან კანონიერად ცხოვრობს იტალიაში.
სოციალური უზრუნველყოფის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INPS) მას სოციალური დახმარება შეუწყვიტა და უკვე მიღებული თანხების დაბრუნებაც მოსთხოვა – მიზეზად სწორედ 10-წლიანი ცხოვრების ისტორიის არქონა დაასახელა.
INPS-ის თანახმად, ღონისძიება არ არის განკუთვნილი პირველადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, არამედ დასაქმებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ნაწილია: შესაბამისად, იტალიის ტერიტორიასთან კავშირის მოთხოვნა დასაშვები უნდა ყოფილიყო.
ბერგამოს სასამართლომ, სადაც KH-მა სარჩელი შეიტანა, მისი საქმე ევროკავშირის სასამართლოში გადაამისამართა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ნორმა „არაპირდაპირი დისკრიმინაციის“ ნიშნებს შეიცავდა.
ევროპული სასამართლოს ვერდიქტი
ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება C-747/22 ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ის სასამართლომ სამი ძირითადი არგუმენტით გაამყარა:
1. სოციალური დახმარების ბუნება
ევროკავშირის სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ იტალიის „მინიმალური შემოსავლის სქემა“ (Reddito di cittadinanza) წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც ექვემდებარება საერთაშორისო დაცვის ბენეფიციარებისა და ქვეყნის მოქალაქეების თანასწორობის პრინციპს: იგი ერთდროულად არის როგორც დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი მექანიზმი, ისე აუცილებელი სოციალური დახმარება, რომელიც მინიმალური შემოსავლის უზრუნველყოფას ემსახურება. შესაბამისად, საერთაშორისო დაცვის მქონე პირები ქვეყნის მოქალაქეებთან უნდა გათანაბრდნენ. წევრ სახელმწიფოებს ეკრძალებათ სოციალური დახმარების მიღებისთვის დამატებითი მოთხოვნების ან შეზღუდვების დაწესება, როგორიცაა ათწლიანი ბინადრობა.
2. ფარული დისკრიმინაცია
10-წლიანი ცხოვრების მოთხოვნა ფორმალურად ნეიტრალურია, თუმცა პრაქტიკაში მნიშვნელოვნად ზღუდავს სწორედ უცხოელებს. სასამართლომ ეს მოთხოვნა „არაპირდაპირ დისკრიმინაციად“ შეაფასა.
3. ეკონომიკური არაპროპორციულობა:
იტალიის არგუმენტი, რომ სოციალური დახმარება ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად აწვება, ევროკავშირის სასამართლომ უარყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების საბიუჯეტო ხარჯი ერთი და იგივეა იმის მიუხედავად, ბენეფიციარი იტალიის მოქალაქეა თუ უცხოელი და რომ „ეკონომიკურ ტვირთზე“ მითითება თანასწორობის პრინციპის დარღვევის გამართლება ვერ იქნება.
ევროკავშირის სასამართლომ რომს შეახსენა, რომ ევროკავშირის სამართალი არ ითვალისწინებს ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივობას, როგორც სოციალური დახმარების მიღების ლეგიტიმურ კრიტერიუმს. უფრო მეტიც, დახმარების შეზღუდვა ეწინააღმდეგება ევროპული სამართლის მთავარ მიზანს – მოწყვლადი ჯგუფებისთვის მინიმალური ცხოვრების დონის უზრუნველყოფას.
სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო დაცვის სტატუსი თავისთავად დროებითია და პირისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა „იტალიაში ცხოვრების არასაკმარისი ხანგრძლივობის“ საფუძველზე თავად ამ დაცვას უკარგავს აზრს.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იტალიის რესპუბლიკას მკაფიოდ არასოდეს გამოუხატავს განზრახვა, თანასწორი მოპყრობის პრინციპიდან გამონაკლისით ესარგებლა.
რა ნიშნავს ეს გადაწყვეტილება
ევროკავშირის სასამართლო ვერდიქტი რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგს იწვევს:
- შესაძლოა გადაიხედოს იტალიის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი;
- სახელმწიფოს მოუწიოს კომპენსაციების გადახდა იმ პირებისთვის, რომლებსაც დახმარებაზე უარი ეთქვათ;
- შეიქმნას პრეცედენტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვისაც.
ნინო ხოშტარია

18 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·