ფიტნეს-კლუბი საკონსტიტუციოში ასაჩივრებს კანონს, რომლის მიხედვითაც ბიზნესს პოლიტიკური აქტივობა ეკრძალება

14 hours ago 1

09.06.202609.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ბათუმში მომუშავე ფიტნეს-კლუბ “რეფორმერის” დამფუძნებელი, გიორგი ფუტკარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ის ასაჩივრებს 2026 წლის 4 მარტს მიღებულ კანონს, რომლითაც ბიზნესებს პოლიტიკური აქტივობა ეკრძალებათ.

ის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს ხვალ, 10 ივნისს, 12:00 საათზე.

ფუტკარაძე აცხადებს, რომ არც განხილვის პროცესში და არც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ – “როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ” – არ აპირებს “თვითცენზურას”. თუმცა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია საქმე განიხილოს საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა, იმსჯელონ ამ საკითხზე, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და “ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ”.

“მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში. გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ის უნდა ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას და რეაგირებდეს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, თავისუფლად გამოთქვამდეს ხელისუფლების კრიტიკას, მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში მოქმედებდეს და განკარგავდეს თავის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსებს საკუთარი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად.

საკანონმდებლო ცვლილებების ინტერპრეტაციის ფართო დიაპაზონი, ბუნდოვანება და ლეგიტიმური მიზნის დაუსაბუთებლობა სამართალდამცავ სისტემას აძლევს შეუზღუდავ ბერკეტს, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის მიმართ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და იმოქმედოს შერჩევითად, საკუთარი შეხედულებისამებრ, ანგარიშსწორების მიზნით. ეს ყოველივე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, ისე მკვეთრად გააუარესებს საერთო ბიზნესგარემოს და ავნებს სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება აღნიშნული მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო და მოვითხოვო მათი გაუქმება”, – წერს ფუტკარაძე.

გიორგი ფუტკარაძის, როგორც ბიზნესმენის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ იურისტი ვასილ ჟიჟიაშვილი და თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია.

ფუტკარაძე მოუწოდებს სხვა ბიზნესის მფლობელებსაც, გაერთიანდნენ ამ სამართლებრივი დავის გარშემო.

“თავისუფალი მოქალაქე და თავისუფალი ბიზნესი არის თავისუფალი სახელმწიფოს საძირკველი!” – აცხადებს “რეფორმერის” დამფუძნებელი.

სარჩელს გამოეხმაურა თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაც. მათი განცხადებით, დავის მიზანია გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო სექტორის დამოუკიდებელი და თავისუფალი ხმის, როგორც ბიზნესსექტორის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

აღნიშნული სამართლებრივი დავა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად კერძო სექტორისთვის, რადგან ის შეეხება იმ პრინციპებს, რომლებზეც თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკური გარემო დგას.

 თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია ახლაც და მომავალშიც შეეცდება გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა ხელისუფლებებმა ვერ შეძლონ პირდაპირი ან შეფარული გზებით ბიზნესსუბიექტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ისინი ხელოვნურად მოწყვიტონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს”, – წერია გაერთიანების განცხადებაში.

“რეფორმერი” აქტიურად აფიქსირებს პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, მათ ფეისბუქ-გვერდზე წერია, რომ ფიტნეს-კლუბი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია მანამ, “სანამ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ”.

ამავე თემაზე:


საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს, 2026 წლის მარტში დამტკიცდა. ცვლილებები შეეხო როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.

უფრო ზუსტად, ადმინისტრაციულ კოდექსს დაემატა 153¹³-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც 20 000 ლარით დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის

ამ მუხლის მიზნებისთვის, პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

ამ ქმედების განმეორებით ჩადენა უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რომელიც დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსში მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკურ აქტივობას არეგულირებს 355³-ე მუხლი. მისი დარღვევა არაერთგზის დაისჯება “ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე”.

აღნიშნული ცვლილებების მომხსენებელი იყო  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე.

“რა აქვს მიზანი? მეწარმემ უნდა აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არის შექმნილი ეს კონკრეტული იურიდიული პირი. შესაბამისად, დაკავდეს ბიზნესით, იყოს მოგებაზე ორიენტირებული – ბიზნესის თავისუფლებაში ჩვენ არ ვერევით, პირიქით, ვამაყობთ და ვაცხადებთ ცალსახად, რომ ბიზნესის თავისუფლება ეს ჩვენი გუნდის მონაპოვარია. ამავდროულად, თუ პირს უნდა პოლიტიკური აქტივობით დაკავდეს, ამისთვის არსებობს შესაბამისი წესი და შესაბამისი ფორმა: დარეგისტრირდეს პოლიტიკურ პარტიად”, – განაცხადა გორდულაძემ ჯერ კიდევ 2 თებერვალს.

სრულად წაკითხვა