01.05.202601.05.2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ის უწყების თანამშრომლებს ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.
ამ თანამდებობამდე ხარაბაძე მამუკა მდინარაძის მოადგილე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
“საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით კვლავ აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
“ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს. მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება. თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა”.

3 days ago
2






English (US) ·
Georgian (GE) ·