უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე დარტყმაში

3 hours ago 4

ერთი მეზღვაური დაიღუპა და ხუთი დაიჭრა შავ ზღვაში, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ორ სატვირთო გემზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. ეს 19 ივნისს დილით განაცხადეს უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ და ვიცე-პრემიერმა ოლექსი კულებამ.

პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთმა დრონებით დაარტყა პანამის და სენტ-კიტსისა და ნევისის დროშებით მცურავ სამოქალაქო გემებს, რომლებიც უკრაინის საზღვაო დერეფანში მოძრაობდნენ.

პანამის დროშით მცურავ სატვირთო გემზე დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი და ორი დაიჭრა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სენტ-კიტსისა და ნევისის დროშით მცურავ გემზე მსუბუქად დაიჭრა ეკიპაჟის სამი წევრი.

უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციას არ უთქვამს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაჭრილი და დაღუპული მეზღვაურები.

უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლექსი კულებას განცხადებით, სამოქალაქო გემებზე თავდასხმა ადასტურებს, რომ რუსეთი ომს აწარმოებს თავისუფალი ნაოსნობის, საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგაც და მსგავს დანაშაულს უნდა მოჰყვეს მკაფიო საერთაშორისო შეფასება - „ტერორიზმი“.

რუსეთს უკრაინის ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

სრულად წაკითხვა