მტკვრიდან ₾2,1 მლნ-ის ინერტული მასალა უკანონოდ მოიპოვეს - საგამოძიებო სამსახური

1 hour ago 2

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ოთხი ადამიანი დააკავეს „უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა“ და ფულის გათეთრების ბრალდებით - საქმე მტკვრიდან ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირდება.

ოთხი დაკავებულის გარდა, ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ქვემო ქართლის რეგიონში მდინარე მტკვრიდან ლიცენზიის გარეშე სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც მოგვიანებით სხვა მეწარმეებზე ანაწილებდნენ.

„უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს“, - აცხადებს „ფინანსური პოლიცია“.

მათი გამოთვლებით, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.

„ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული, 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“, - აცხადებენ უწყებაში.

დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სრულად წაკითხვა