ანექსირებულ სევასტოპოლში რუსმა ჯარისკაცმა სამხედრო და სამოქალაქო პირები დახოცა

2 hours ago 3

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სამხედრო მოსამსახურემ ოთხი ადამიანი მოკლა. ინფორმაცია „სევასტოპოლში ტრაგედიის“ შესახებ სოციალური ქსელებით 4 აგვისტოს გაავრცელა რუსეთის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა.

მისი ინფორმაციით, ხმელნიცკოეში(სოფელი, რომელიც სევასტოპოლის შემადგენლობაშია) სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი ჯერ სხვა სამხედროებს გაუხსნა, ერთი მოკლა და ერთი დაჭრა, შემდეგ კი სოფელში მოკლა სამი ადგილობრივი მცხოვრები, ორი კაცი და ერთი ქალი და კიდევ სამი ადამიანი დაჭრა.

რაზვოჟაევის თანახმად, თავდამსხმელი დაკავებულია და შემთხვევის რაიონში გამომძიებლები მუშაობენ. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა ადგილობრივ მცხოვრებთ მოუწოდა, „ჭორებს ნუ გაავრცელებენ" და „მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ენდონ".

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „აგენტსტვოს“ ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ, 21 წლის მაქსიმ ალისტრატოვია. ის რუსეთის სარატოვის ოლქშია დაბადებული. ნასამართლევია მაღაზიიდან 1500 რუბლის მოპარვისთვის. 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, მაქსიმ ალისტრატოვი უმუშევარი იყო.

„აგენტსტვოს“ რედაქტორი ტელეფონით დაუკავშირდა ლიდია ტ.-ს, რომელიც მაქსიმ ალისტრატოვს რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში თავის გვერდზე დედად ჰყავს მითითებული. ქალმა განაცხადა, რომ ალისტრატოვს არ იცნობს.

სრულად წაკითხვა