შვრიის ფაფასთან რომელი ხილის კომბინაცია შეიძლება მუცლის ცხიმის შემცირებაში დაგვეხმაროს?

1 hour ago 2

ბევრი ადამიანი ცდილობს მუცლის ცხიმის შემცირებას არა მხოლოდ ესთეტიკური მიზეზებით, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. განსაკუთრებით საშიშია ე. წ. ვისცერული ცხიმი, რომელიც შინაგან ორგანოებს აკრავს გარს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეტაბოლური დარღვევების რისკს ზრდის.

მართალია, არცერთი საკვები პროდუქტი მუცლის ცხიმს პირდაპირ არ „ადნობს“, თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორად შერჩეული საუზმე წონის კონტროლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო კომბინაციად შვრიის ფანტელებისა და გრეიპფრუტის შერწყმა სახელდება.

რატომ ითვლება ეს კომბინაცია სასარგებლოდ

შვრიის ფანტელები მდიდარია ბოჭკოებით, ცილებით, B ჯგუფის ვიტამინებით, რკინითა და მაგნიუმით.

100 გრამი შვრია დაახლოებით 13 გრამ ცილას შეიცავს, ხოლო მასში არსებული ბეტა-გლუკანი კუჭში გელის მსგავს მასას წარმოქმნის, რაც საჭმლის მონელებას ანელებს და დიდხანს ტოვებს დანაყრების შეგრძნებას.

გრეიპფრუტი კი შეიცავს:

  • C ვიტამინს;
  • ანტიოქსიდანტებს;
  • ნარინგინს (ბუნებრივი ფლავონოიდი);
  • პექტინს.

პექტინი ხსნადი ბოჭკოა, რომელიც დანაყრების შეგრძნებას აძლიერებს, ხოლო C ვიტამინი ორგანიზმში იმ პროცესებში მონაწილეობს, რომლებიც ცხიმების გამოყენებას უწყობს ხელს. თუმცა, მეცნიერების თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გრეიპფრუტი ცხიმს დამოუკიდებლად წვავს.

რას ამბობს მეცნიერება?

სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ე. წ. ლოკალური გახდომა მითია. ანუ შეუძლებელია მხოლოდ მუცლის ცხიმის შემცირება კონკრეტული საკვების დახმარებით.

თუ ადამიანი დღის განმავლობაში ნაკლებ კალორიას იღებს, რადგან შვრია და გრეიპფრუტი დიდხანს ანაყრებს, დროთა განმავლობაში შეიძლება შემცირდეს სხეულის საერთო ცხიმოვანი მასა, მათ შორის – მუცლის არეშიც.

სამეცნიერო მიმოხილვები აჩვენებს, რომ:

  • შვრიის ფანტელები ზრდის დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს წახემსების სურვილს;
  • გრეიპფრუტს წონის კლებაზე მხოლოდ შეზღუდული და არაერთგვაროვანი გავლენა აქვს;
  • კალორიების კონტროლის გარეშე ვერცერთი მათგანი სასურველ შედეგს ვერ უზრუნველყოფს.

როგორ მოვამზადოთ?

სპეციალისტები გვირჩევენ:

  • გამოიყენოთ 40–60 გრამი შვრიის ფანტელები;
  • დაუმატოთ ცილის წყარო – მაგალითად, ნატურალური ბერძნული იოგურტი, სკირი (ისლანდიური მაღალცილოვანი რძის პროდუქტი) ან რძე;
  • შეურიოთ ნახევარი ახალი გრეიპფრუტი;
  • დაუმატოთ რამდენიმე ლებანი ნიგოზი ან თესლი (მაგ., გოგრის გული);
  • მინიმუმამდე დაიყვანოთ თაფლისა და შაქრის რაოდენობა.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება

გრეიპფრუტი ყველა ადამიანისთვის უსაფრთხო არ არის!

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გვაფრთხილებს, რომ გრეიპფრუტმა შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება შეცვალოს. ამ ხილის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების გამო ნაწლავებში ფერმენტ CYP3A4-ის მოქმედებას ფერხდება. შედეგად, ზოგიერთი პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება გაიზარდოს.

თუ რეგულარულად იღებთ მედიკამენტებს, განსაკუთრებით ქოლესტერინის, არტერიული წნევის, გულის რიტმის ან სხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, გრეიპფრუტის ყოველდღიურ რაციონში დამატებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

კირა კარიაული

სრულად წაკითხვა