უკრაინაზე რუსეთის ჯარების შეტევისას ერთ-ერთ ობიექტზე სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა

15 hours ago 9

უკრაინის პოლტავის ოლქზე რუსეთის ჯარების შეტევის შედეგად „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის“ დაზიანებული საცავებიდან „სახიფათო ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა“. ეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა. შეტევა 2 აგვისტოს იყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ დაუსახელებია არც პოლტავის ოლქის კონკრეტული რაიონი და არც ობიექტი და გაჟონილი ნივთიერება.

სამსახურის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ასახავს დამცავ ტანსაცმლიანი და აირწინაღიანი სპეციალისტების მიერ შედეგების ლიკვიდაციას, ჩანს ცისტერნები და გამაფრთხილებელი წარწერა: „მეთანოლი-საწამლავი“.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის სამაშველო რაზმის სპეციალისტებმა დაზიანებული საცავებისა და გაჟონვის ადგილების ოპერატიულად ჰერმეტიზაციის შედეგად შეძლეს ლიკვიდაციის შემდგომი სამუშაოების უსაფრთხოდ გაგრძელება.

პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 2 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რუსული დრონებით დარტყმა იყო ორ საწარმოსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე და დროებით შეწყდა ელექრტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება. კონკრეტული ობიექტები არც ადმინისტრაციას დაუსახელებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 აგვისტოს დილით ოფიციალური არხებით გაავრცელა ზოგადი ცნობა, რომ უკრაინის 156 რაიონში დრონებით და რაკეტებით დაარტყეს „სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს და ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება“.

სრულად წაკითხვა