ტრამპი: "ირანი წარმოუდგენლად ორპირია", ეს მოლაპარაკებების "ბოლო შანსია"

2 hours ago 5

ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ირანთან მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ "მოლაპარაკებები მიმდინარეობს" და რომ ირანელებს "არ სურთ ხოლმე თქვან, რომ გველაპარაკებიან, როცა მოლაპარაკებებში არიან ჩართულები" და რომ ზოგჯერ უარყოფენ იმას, რომ საათების განმავლობაში არიან მოლაპარაკებებში. ტრამპის განცხადებით, აშშ-მა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით შეაყოვნა 2 აგვისტოს დაგეგმილი თავდასხმა ირანზე და რომ გარიგების პირველი ეტაპის ამოცანა ორმუზის სრუტის სრულად გახსნაა, მეორე - "ირანის სრული დენუკლეარიზაცია".

3 აგვისტოსვე, ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა მან Truth Social-ზე დაწერა, რომ „ირანი წარმოუდგენლად ორსახოვანია!" და რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს "ირანის თხოვნით":

"ისინი ითხოვენ, ზოგიერთი იტყოდა „იხვეწებიან“, რომ მყისიერად დაიწყოს მოლაპარაკებები, უფრო გაწერილი განრიგით და ამავე დროს ღიად ამბობენ, რომ არ აწარმოებენ არანაირ დისკუსიას, რომ არაფერზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მათ საქმე აქვთ „ომანთან“.

შემდეგ განაგრძობენ თავიანთ ჩვეულ ყბედობას და ამბობენ, რომ ორმუზის სრუტე მძლავრად იმართება მათ მიერ მაშინ, როცა ის სრულად კონტროლდება აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ და ჩვენი „ბლოკადით“ - ან, როგორც ზოგიერთი ამბობს, „აშშ-ის ფოლადის კედლით!“.

ვერაფერი აღწევს ირანამდე, თუ ეს ჩვენ არ გვინდა და ვერაფერი მიაღწევს, თუ არ იქნება მიღწეული გარიგება ან სრული დანებება".

ტრამპის სიტყვებით: "უნდა ეს ირანს თუ არა, ჩვენ, ფაქტობრივად, ვიხილავთ პრობლემას, რომელსაც ისინი იწვევენ, ათწლეულებია. ძალიან მარტივია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი!“.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს პოსტი მოჰყვა თეირანის განცხადებას, რომ ის აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს ომანთან და რომ აშშ-ებთან მოლაპარაკებები შესაძლოა მოგვიანებით გაიმართოს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაქაიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ორმუზის სრუტის მართვაზე ირანსა და ომანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ორმხრივია და მისი მიზანია სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფა.

ორშაბათს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ბაქაიმ ილაპარაკა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და განაცხადა, რომ ომანთან მოლაპარაკებებში მესამე მხარე არ არსებობს და რომ აშშ-ებთან დაკავშირებული საკითხები მოგვიანებით განიხილება, გარემოებების შესაბამისად.

ბაქაის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში ომანთან მოლაპარაკებები სერიოზულად წარიმართა და რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი ურთიერთობს თავის კოლეგებთან როგორც რეგიონში, ისე მის მიღმა, რეგიონის უსაფრთხოებისა და ირანის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით:

„რეალობა ისაა, რომ ჩვენთვის არავის მოუცია არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ამერიკა მშვიდობის მიზნით არ დაგვსხმია თავს. ჩვენ ნამდვილ ომში ვართ და ომის პირობებში, უნდა დავიცვათ მისი მოთხოვნები“.

თეირანის საგარეო უწყების სპიკერმა 3 აგვისტოს ბრიფინგზე აშშ დაადანაშაულა რეგიონის დესტაბილიზაციაში:

„ამ ხუთი თვის განმავლობაში, ვხედავთ აშშ-ის სამხედრო ყოფნას რეგიონში და იმას, რომ მის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიისა და ობიექტების გამოყენება სულ უფრო აკნინებს რეგიონის ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და ზრდის არასტაბილურობას“.

კვირას, 2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დიდი ძალის გამოსაყენებლად „სამხედრო ტერორის, ძლიერებისა და ისეთი ძალის, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს“ და რომ ამის მიუხედავად აშშ-ებს „ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა სთხოვეს თავდასხმის დაყოვნება, გარიგების პირობების შეთანხმების გამო. ეს მოიცავს ორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ და სრულად გახსნასა და ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას“. ტრამპმა 2 აგვისტოს დაწერა, რომ ამ თხოვნის პასუხად ის დათანხმდა ირანზე თავდასხმის გაუქმებას - „გარიგების სწრაფად მისაღწევად“.

სრულად წაკითხვა