უკრაინაზე დრონებით შეტევა იყო, სუმიდან ერთი ოჯახის ოთხი წევრის დაღუპვის შესახებ იუწყებიან

5 days ago 4

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. სუმის ოლქის ხელისუფლება ერთი ოჯახის ოთხი წევრის დაღუპვის შესახებ იუწყება.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 30 სექტემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონით მიზანმიმართული დარტყმა იყო კრასნოპოლსკის რაიონის სოფელ ჩერნეჩინაში მდებარე ერთ-ერთ სახლზე, სადაც ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი ცხოვრობდნენ.

ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა მშობლების და მათი 6 და 4 წლის ვაჟების ცხედრები განადგურებული სახლის ნანგრევებიდან ამოიტანეს.

ეს სოფელი რუსეთის საზღვრიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.

რუსეთის ხელისუფლება მუდმივად ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსული არმიის სამიზნე მხოლოდ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებია.

რუსული დრონებით შეტევის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა კიევის ოლქის ბროვარის რაიონში. ამის შესახებ 30 სექტემბერს, დილით განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ. მისივე ცნობით, დაზიანდა კერძო სახლი და ხანძარი გაჩნდა სამეურნეო დანიშნულების შენობაში.

ჩერნიგოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნეჟინსკის რაიონში რუსული დრონებით დარტყმა იყო ენერგოობიექტზე. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 26 ათასზე მეტ აბონენტს.

განახლება: უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 65 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 46 ჩამოაგდეს, ან გააუვნებლეს. სარდლობა ადასტურებს 19 დრონით პირდაპირ დარტყმას 6 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 81 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 26 ვორონეჟის ოლქში, 25 - ბელგოროდში, 12 - როსტოვის ოლქში, 11 - კურსკში და 7 - ვოლგოგრადის ოლქში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

სრულად წაკითხვა