ტრამპმა გააკრიტიკა გაერო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იმიგრაციის პოლიტიკის, კლიმატის ცვლილების პოლიტიკის და პალესტინის აღიარების გამო

1 week ago 5

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თითქმის ერთსაათიანი გამოსვლის დროს გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არაეფექტიანობის გამო.

მან კლიმატის ცვლილებას „მწვანე ენერგიის თაღლითობა“ უწოდა, სულ უფრო მეტი ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ჰამასისთვის მიცემულ „ჯილდოდ“ მოიხსენია და ევროპას რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ტრამპმა გაერო დაადანაშაულა მიგრაციული კრიზისის დაფინანსებაში. „გაერო არა მხოლოდ არ წყვეტს იმ პრობლემებს, რაც უნდა გადაჭრას, არამედ ძალიან ხშირად ის რეალურად ახალ პრობლემებს ქმნის ჩვენთვის გადასაჭრელად“, - თქვა ტრამპმა.

„გაერო აფინანსებს თავდასხმას დასავლეთის ქვეყნებსა და მათ საზღვრებზე“ - თქვა ტრამპმა და დასძინა - „დროა, დასრულდეს ღია საზღვრების წარუმატებელი ექსპერიმენტი. თქვენ ახლავე უნდა დაასრულოთ ეს. ეს საკითხი მე მართლაც კარგად გამომდის. თქვენი ქვეყნები ჯოჯოხეთში მიდიან“.

ტრამპმა პასუხი გასცა ორშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. ამ დიდწილად სიმბოლურმა ნაბიჯმა გააღრმავა ისრაელის საერთაშორისო იზოლაცია და აშშ მას მხარს არ უჭერს.

ტრამპის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჯილდოა იმ საშინელი სისასტიკისთვის, მათ შორის 7 ოქტომბრისათვის, მაშინაც კი, როდესაც ისინი უარს ამბობენ მძევლების გათავისუფლებაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე“.

ტრამპმა დასძინა: „ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ ომი ღაზაში. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს... ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ მშვიდობაზე. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მძევლები“.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ „მზადაა, რუსეთს ძალიან მკაცრი ტარიფები დაუწესოს“, თუ ის სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, მაგრამ დასძინა, რომ ევროპულ ქვეყნებსაც „მოუწევთ შემოგვიერთდნენ ზუსტად იმავე ზომების მიღებაში“.

ევროპის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვები უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თუმცა ბუნებრივი აირის შეძენას კვლავაც აგრძელებენ. რუსულ ნავთობს ევროპაში ძირითადად ორი ქვეყანა - უნგრეთი და სლოვაკეთი ყიდულობს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება „უდიდესი თაღლითობაა, რაც კი მსოფლიოში ოდესმე ჩაუდენიათ“.

„გლობალური დათბობა და გლობალური გაგრილება აღარ იქნება“, თქვა მან და დასძინა, რომ გაეროსა და სხვების მიერ კლიმატის ცვლილების შესახებ გაკეთებული პროგნოზები „მცდარი“ იყო და „სულელი ადამიანების“ მიერ იყო გაკეთებული.

მოერიდეთ „მწვანე თაღლითობას“, უთხრა ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს. „მე ნამდვილად კარგად ვწინასწარმეტყველებ ყველაფერს“.

გამოსვლის შემდეგ ტრამპმა ტონი შეარბილა და თქვა, რომ აშშ გაეროს „ასი პროცენტით“ უჭერს მხარს. „მე ვფიქრობ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოტენციალი წარმოუდგენელია, მართლაც წარმოუდგენელი. მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ამიტომ მე მას მხარს ვუჭერ“, - თქვა ტრამპმა.

სრულად წაკითხვა