ტრამპის ბრძანება თეთრი სახლის საიტზე 22 სექტემბერს გამოქვეყნდა.
„ანტიფა“ ზოგადი სახელია იმ მოძრაობებისა და აქტივისტების, რომლებიც ფაშიზმის, ნეონაციზმის, რასიზმის და მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. „ანტიფა“ აქტიურად მონაწილეობდა, მაგალითად, აშშ-ში 2020 წლის მაისიდან დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში მას შემდეგ, რაც პოლიციელმა შემოწმების დროს მოკლა აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი. ეს აქციები არაერთხელ გადაიზარდა ძალადობაშიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ 22 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტში „ანტიფა“ მოხსენიებულია „მილიტარისტულ, ანარქისტულ მოძრაობად“, რომლის საჯარო მოწოდებებია „მთავრობის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სამართლებრივი სისტემის დამხობა“.
ტრამპის ბრძანებით, შესაბამის სამინისტროებს და უწყებებს დაევალათ „ანტიფას“ უკანონო ოპერაციების გამოძიება, აღკვეთა და ლიკვიდირება,
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ მოძრაობის „ტერორისტულ ორგანიზაციად" გამოცხადების განზრახვის შესახებ 18 სექტემბერს დაწერა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
დონალდ ტრამპი „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესაძლებლობაზე საუბრობდა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, 2019 წელს და ამ მოძრაობის წევრებს უწოდებდა „მშიშარა, მემარცხენე-რადიკალ შეშლილებს".