პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ 5 მილიონად მიყიდის „ოქროს ბარათს“ მდიდარ უცხოელებს, რაც მისცემს მათ უფლებას იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში, ასევე ექნებათ მოქალაქეობის მიღების პერსპექტივაც.
„ჩვენ ვაპირებთ გავყიდოთ “ოქროს ბარათი“. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ეს ბარათი დაახლოებით $5 მილიონად დავაფასოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება მარშრუტი მოქალაქეობისკენ. ამ ბარათით ჩვენს ქვეყანაში შემოვა მდიდარი ხალხი“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ბარათების გაყიდვა დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება. აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივა მილიონობით ასეთი ბარათის გაყიდვას ითვალისწინებს.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის რუსი ოლიგარქებისთვის ბარათების გაყიდვას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია“.
ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა, თქვა, რომ ოქროს ბარათი ჩაანაცვლებს სამთავრობო EB-5 საიმიგრაციო ინვესტორთა სავიზო პროგრამას, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ჩადონ ფული აშშ-ის პროექტებში, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს და შემდეგ მიმართონ საიმიგრაციო ვიზისთვის.
„რა თქმა უნდა, მათ უნდა გაიარონ შემოწმება, რომ დავრწმუნდეთ მსოფლიო დონის მშვენიერი გლობალური მოქალაქეები არიან“, — დასძინა ლუტნიკმა.
კონგრესის მიერ 1992 წელს შექმნილი EB-5 პროგრამას შეუძლია მწვანე ბარათების მინიჭება იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ მინიმუმ 1 050 000 აშშ დოლარის ან 800 000 აშშ დოლარის ინვესტიციას ეკონომიკურად გაჭირვებულ ზონებში, მიზანმიმართული დასაქმების ზონებში, რათა შექმნან სამუშაო ადგილები ამერიკელი მუშაკებისთვის.