ტვ "პირველის" ჟურნალისტები მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

1 month ago 37

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა ტვ "პირველის" ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტო გადაღების უფლება. მათ კანონის დაცვით ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი ეს.

მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება ისაუბრონ. ჯერ შენიშვნა მისცა, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა.

კანონით, პროცესის გაშუქების უპირატესობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. თუმცა ხშირად მაუწყებლები როლებს ინაწილებენ, ფოტოს სხვა იღებს და ვიდეოს სხვა. რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

პირველად არ ხდება, რომ ფოტოგადაღების უფლების მოპოვება ჟურნალისტებისთვის მთელ რიგ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ონლაინმედიებს, უკვე წლებია ეს უფლება ჩამოერთვათ. ზოგ შემთხვევაში, ამ უფლების მოპოვება მოსამართლის კეთილ ნებაზეა ხოლმე დამოკიდებული.

სხდომის ვიდეო და ფოტო გადაღების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.

საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 15 მარტს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის გელა უძილაურის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა.

მოსამართლემ გელა უძილაურს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ მახარობლიძე 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ. მანამდე აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2015-2022 წლებში იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი იყო.

სრულად წაკითხვა