სხეულის 48% აქვს დამწვარი ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულ გოგოს

1 week ago 6

სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ლოტკინზე აფეთქების დროს დაშავდა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პაციენტს დამწვარი აქვს სხეულის 48%.

„ამ წუთისათვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზული დამწვრობა აღენიშნება. დამწვარი აქვს სხეული 48% - სახე, თავის მიდამო, გულ-მკერდის არე, ორივე ზემო კიდური, ზურგი. ამას ემატება დამწვრობით შოკი, თუმცა მისი მდგომარეობა არის სტაბილური“, - ამბობს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი.

წუხელ, გვიან ღამით თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ვერსიით, ორივე შემთხვევაში მიზეზი ბუნებრივი გაზის გაჟონვაა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი: 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით. შსს იძიებს უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

სრულად წაკითხვა