“ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა, ვაჟკაცური მცდელობა ბევრი ადამიანის… სპეცრაზმის კორდონს შევასკდი მანდ”, - განაცხადა ზოდელავამ “ტვ პირველის” ეთერში, 4 ოქტომბერს, ღამით. მისი განმარტებით, ეს "იყო ტრიგერი, იყო მცდელობა ჩვენი სამხრეთული ხასიათის გამოყენებით, გააზრებით, რომ - იქნებ ასე გამოვიდეს", მაგრამ "არ გამოვიდა".
პირდაპირ ეთერში ზოდელავას დაუსვეს შეკითხვა - ვინ მოახდინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის “ჯებირის დემონტაჟი”.
“მე პირადად ვცადე, ირაკლი ნადირაძემ და ვისაც იმ მომენტში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ პირადი მაგალითი მიგვეცა, ჩვენ მივეცით პირადი მაგალითი”, - ზოდელავამ ასევე თქვა, რომ მართალია, ეს კონკრეტული მცდელობა არ გამოვიდა, მაგრამ “ბრძოლა დაწყებულია” და “რევოლუციაა დაწყებული ქვეყანაში”.
„ორგანიზება უფრო რთულია, თუ შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, აზრი… მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მურთაზ ზოდელავამ რამდენიმედღიანი "მშვიდობიანი რევოლუციის" დაწყება გამოაცხადა. მანამდე აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ "მშვიდობიანი რევოლუცია" 4 ოქტომბერს დაიწყებოდა და 4 ოქტომბერსვე დასრულდებოდა.
4 ოქტომბერს, გვიან ღამით, მურთაზ ზოდელავა საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს; იმ დროს, როდესაც ის ჟურნალისტებს კომენტარს აძლევდა.
დაკავებულებს შორის არიან ასევე: ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. შს სამინისტროს ინფორმაციით, მათ 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. ასევე ვარაუდობენ, რომ, გამოძიების მიმდინარეობის შესაბამისად, მეტ ადამიანს დააკავებენ.
4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
- 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
- 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
- 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
- 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ "რუსთაველის" გამზირი დაგეგმა "სახალხო კრება", რომლის მიზანსაც, ორგანიზატორების განმარტებით - "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა" წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.