სევასტოპოლში ელექტროენერგიის როტაციული გათიშვა აამოქმედეს

1 hour ago 2

უკრაინის ანექსირებული სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ ქალაქში დაიწყო ელექტროენერგიის როტაციული გათიშვა. ელექტროენერგიის მიწოდებას ქალაქის ორ რიგად დაყოფილ რაიონებში მორიგეობით, დაახლობით სამი საათის ინტერვალით თიშავენ.

რაზვოჟაევი აზუსტებს, რომ ეს ზომები აუცილებელია "ელექტროქსელების გადატვირთვის ლიკვიდაციისთვის" რეგიონის საზღვრებს მიღმა და ერთიან ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარიის პრევენციისთვის.

მანამდე ელექტოენერგიის გარეშე დარჩა 100-ზე მეტი ქუჩის და ათი მიმდებარე დასახლების მოსახლეობა.

ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში 26 ივნისს შემოიღეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, უკრაინის მხრიდან ნახევარკუნძულზე მიტანილი დარტყმების გაგრძელების ფონზე. ყირიმის რუსი მმართველი, სერგეი აქსიონოვი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს "ფინანსური, ფულადი, საკრედიტო, შეთანხმებების და სხვა კავშირების მოსაწესრიგებლად", ასევე ზიანის ანაზღაურების პროცედურების გასამარტივებლად.

ყირიმსა და სევასტოპოლში მაისის ბოლოდანაა ენერგეტიკის კრიზისი - ნახევარკუნძულზე შეზღუდულად იყიდება საწვავი, რომლის ფასმაც სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია.

უკრაინა ყირიმზე დარტყმების მიზნად ასახელებს ნახევარკუნძულის ლოგისტიკურ იზოლაციას.

სრულად წაკითხვა