აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 29 ივნისს უარი თქვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მიენიჭებინა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, ლისა კუკის გათავისუფლების უფლება. ამავე დროს, სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის უფლება გაათავისუფლოს სხვა დამოუკიდებელი უწყებების წევრები. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ კანონიერად გამოაცხადა არჩევნების დღის შემდეგ ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლა - რის წინააღმდეგაც ტრამპის ადმინისტრაცია ილაშქრებდა.
სასამართლომ, 5-4-ზე მიღებული გადაწყვეტილებით, დაბლოკა ტრამპის განაცხადი გამხდარიყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც გაათავისუფლებდა ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალურ პირს - მას მერე, რაც კონგრესმა 1913 წელს ცენტრალური ბანკი შექმნა. სააგენტო Reuters-ის ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ინიციატივა იყო ერთ-ერთი ტრამპის მიერ მეორე ვადაში გადადგმულ ნაბიჯებს შორის, რომლებიც გამოცდის პრეზიდენტის უფლებამოსილების ზღვარს.
კუკის პოსტიდან გათავისუფლებას ტრამპი 2025 წლის აგვისტოში ცდილობდა, რის პასუხადაც კუკმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლებისთვის პრეზიდენტს სჭირდებოდა მყარი მიზეზის მოტანა. სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯონ რობერტსმა განაცხადა, რომ ფინანსური მარეგულირებლის პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლობას კანონი იცავს, ვინაიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის დამოუკიდებლობა ეკონომიკის სტაბილურობისთვისაა მნიშვნელოვანი.
ამავე დროს, ფედერალური სავაჭრო კომისიის წევრის, რებეკა სლოტერის 2025 წლის მარტში გათავისუფლების საქმეში სასამართლომ ტრამპის მხარე დაიჭირა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა "უზარმაზარი გამარჯვება", თუმცა დასძინა, რომ კუკის სარჩელის თაობაზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო "მხოლოდ პროცესუალური მიზეზებით". ტრამპი სოციალური ქსელით, Truth Social-ით წერს, რომ "დაუყოვნებლივ მიიღებს შესაბამის ზომებს".
გასულ კვირაში უზენაესმა სასამართლომ რესპუბლიკელ პრეზიდენტს გამარჯვება მიანიჭა იმიგრაციასთან დაკავშირებულ ორ საქმეში, მანამდე არაერთხელ დაუჭირა მხარი სასწრაფო ფორმით მიღებული განჩინებებით - რითიც პრეზიდენტის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაბალი რანგის სასამართლოებში იყო გასაჩივრებული, ხორციელდებოდა, იურიდიული პროცესის პარალელურად. თუმცა თებერვალში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი მარცხი მიანიჭა, როცა უარყო მასშტაბური ტარიფები, რომელთა გამოყენებასაც კანონი საგანგებო ვითარებებში ხდიდა შესაძლებელს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·