საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს

1 hour ago 1

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს, 11 მაისს, საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს და შიო მესამე უწოდეს.

იგი დღეიდან საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო მესამის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

„ჩემს გამორჩევას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით“, – ეს იყო მეუფე შიოს პირველი სიტყვები კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ.

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 39-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) – ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) – შვიდი ხმა; ერთი ხმა გაუქმდა.

„ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ.

მან სასულიერო პირებსა და მრევლს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის პატრიარქად გამორჩევა დიდი პატივი და, ამავე დროს, პასუხისმგებლობაა.

„უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის  მფარველს, ალექსი სენაკელს და სხვა ჩვენს სასიქადულო მოღვაწეებს შემწეობისთვის. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის, მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა. შეუძლებელია უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება. ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და, მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირესა და უძლურებას. გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ახალმა პატრიარქმა ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო და გამოაცხადა – საქართველოს ახალი, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, სვეტიცხოვლში გაიმართება.

შიო მესამის ბიოგრაფია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

***

ცნობისათვის, შიო I საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო 1356-1364 წლებში, შიო II კი – 1435-1438 და 1440-1447 წლებში.

სრულად წაკითხვა