სასაცილოა ამდენად ყურადღების გამახვილება გამოძიებაზე – ცოტნე ივანიშვილი პარლამენტის ჩხუბზე

2 hours ago 4

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ხდება და ამის გამო გამოძიება არ იწყება.

ბიძინა ივანიშვილის ვაჟს კითხები არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, არამედ გახარიას პარტიის წევრებთან აქვს, რომელთაც პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

„ცხადია, რომ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ზოგადად საქართველოსთვის. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს, ეწყინებოდა მომხდარი ფაქტები, გული დასწყდებოდა. რა თქმა უნდა, მეც ძალიან დამწყდა გული. ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან არასასიამოვნო იყო და ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც მე პირადად სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას. რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, რაში სჭირდებოდათ ვერბალური და ფიზიკური ძალადობის დაწყება.

პროვოკაცია იყო ვერბალურიც და ფიზიკურიც მათი მხრიდან. ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან. საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო გამოყენებული. კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა.

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც და ასე შემდეგ, საკმაოდ ხშირია ასეთი სტილის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე არის ძალიან უშნო. როგორც უკვე გითხარით, ბევრ მოწინავე ქვეყანაში ძალიან ხშირია, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს. არ ვიძახი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტებია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორი იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით, ცოტნე ივანიშვილის თქმით, მამამისიც დაინტერესდებოდა იმით, თუ რას ემსახურებოდა გახარიას პარტიის „პროვოკაცია“.

„როგორც უკვე გითხარით, ძალიან ხშირი არის ეს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს. ძალიან ცუდი ფაქტებია, რა თქმა უნდა, ძალადობა რომ მოხდა, ძალიან სამწუხარო, მტკივნეულია ნებისმიერი ქართველისთვის. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ. ამას არ მოჰყვება გამოძიება. იმ ქვეყნებში არ მოჰყვება ამას გამოძიება. ცოტა სასაცილოა ამდენად ყურადღების გამახვილება გამოძიებასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ძალიან ხშირია. როდის ვთქვი, რომ ჩვეულებრივი ამბავია? მე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო, ძალიან ცუდი დასანახი[…]

შეუძლებელია, აქ ათასნაირი განსხვავებული აზრი ჰქონდეს ადამიანს. როგორც უკვე გითხარით, ჩემი აზრით, ნებისმიერი ქართველისთვის ეს ყველაფერი იყო ძალიან არასასიამოვნო, ძალიან სამწუხარო და ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, ისევე როგორც მამაჩემისთვის. მისი რეაქცია თუ გაინტერესებთ, ნებისმიერი ქართველის რეაქციას უტოლდება ამ კუთხით, ჩემი  გადმოსახედიდან… თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა, რა ინტერესი იყო მეორე მხარეს, როდესაც ისინი პროვოკაციას ეწეოდნენ. ერთად არ გვინახავს ეს კადრები, როგორც გითხარით, როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ისევე მისთვის, ეს ყველაფერი იყო სამწუხარო დასანახი.

რა თქმა უნდა, პირადად თვითონაც აუცილებლად დაინტერესდებოდა იმით, თუ რას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია. როგორც უკვე ვთქვი, ვერბალური და ფიზიკური ძალადობაც დაიწყეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა. ფაქტები ძალიან არასასიამოვნო საყურებელი იყო, მაგრამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფები მოისმინეს „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებმა, მათაც აქვთ თავისი ღირსება“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.


26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს – გიგა ფარულავასა და მალხაზ თორიას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ინციდენტი, სავარაუდოდ, გახარიას თანაგუნდელს, გიგა ფარულავასა და „ოცნების“ წევრ ირაკლი ხელაძეს შორის დაიწყო. ხელაძეს თანაგუნდელები, მათ შორის ყოფილი სპორტსმენები, მიეხმარნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ოპონენტს დაარტყა, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძეა. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში, რომლებიც სხვა რაკურსითაა გადაღებული, ჩანს, რომ ოპონენტს კიდევ ერთი ოლიმპიური ჩემპიონი და ამჟამად „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გენო პეტრიაშვილიც სცემს.

როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • გენო პეტრიაშვილი
  • ლევან მაჭავარიანი
  • ირაკლი კირცხალია
  • გიორგი ბარვენაშვილი
  • ვასილ ჩიგოგიძე.

ერთ-ერთი, ვინც გახარიას პარტიის წევრებს სცემა, სწორედ არჩილ გორდულაძეა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

დაპირისპირების დასაწყისში გორდულაძე პარლამენტის დეპუტატების ტრიბუნებს შორის იდგა, თუმცა შემდეგ სხდომათა დარბაზის მეორე მხარეს გადაინაცვლა. კადრებში ჩანს, რომ არჩილ გორდულაძე ჯერ ტრიბუნაზე შეხტა, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებს, გიგა ფარულავას და მალხაზ თორიას სცემა. კადრებში ჩანს, რომ გორდულაძესთან ერთად გახარიას პარტიელებს ურტყამენ „ოცნების“ დეპუტატები, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და გიორგი ბარვენაშვილი.

სრულად წაკითხვა