ეს არის კანონი, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით 2024 წელს მიიღო პარლამენტმა და რომელსაც მოსარჩელეები, - მედიისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მსგავსად, - „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
საიას ცნობით, ამ საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს.
140 მომჩივანი სახელმწიფოს წინააღმდეგ
საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2024 წლის ოქტომბერში შეიტანესვ16 მედიაორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების 120 ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით.
ჯამში ამ საქმეს 140 მომჩივანი ჰყავს.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შემდეგი უფლებების დარღვევებზე დავობენ:
- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მე-11 მუხლი);
- გამოხატვის თავისუფლება (მე-10 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
- დისკრიმინაცია (მე-14 მუხლი);
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება (მე-13 მუხლი);
- უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მე-18 მუხლი).
საიას განცხადებითვე, სტრასბურგის სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
რა არის სიახლე?
როგორც საია იუწყება, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს.
„ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია „რუსული კანონის“ მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა“, - წერს საია.
ამავე წყაროს თანახმად, სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით.
„შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, - „სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს“.
ეს სტატუსი ენიჭება საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
ამავე ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ მოითხოვა - 21 სუბიექტის სახელით.
მათ შორის არიან ვენეციის კომისია და „საერთაშორისო ამნისტია“ (Amnesty).
სრული სია კი ასეთია:
- International Federation Human Rights (FIDH)
- Memorial Human Rights Defence Center (Memorial);
- Hungarian Civil Liberties Union (HCLU),
- Centro de Estudios Legales y Sociales (CELS, არგენტინა),
- Egyptian Personal Rights Initiative, Irish Council for Civil Liberties,
- Kenya Human Rights Commission,
- KontraS (ინდონეზია),
- Legal Resources Centre (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა);
- Hungarian Helsinki Committee,
- Clean Air Action Group,
- Háttér Society,
- K-Monitor,
- Ökotárs;
- Foundation,
- Power of Humanity Foundation,
- Transparency International Hungary;
- Media Defence;
- Amnesty International;
- Crew Against Torture (CAT);
- ADF (Alliance Defending Freedom) International;
- European Commission for Democracy through Law (Venice Commission).