საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა

15 hours ago 1

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა.

შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კერძოდ, უქმდება მეურვეობის კანდიდატების შემრჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის პროცედურა, მეურვეობის კანდიდატებს კი მათი წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები თავიანთი შეხედულებით წარადგენენ. ამასთანავე, მეურვის კანდიდატურის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლისა და განხილვის უფლებამოსილება ენიჭება პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განახორციელებს აგრეთვე მეურვეობის კანდიდატის მოსმენას კომიტეტის საჯარო სხდომაზე და გასცემს რეკომენდაციას მეურვეობის კანდიდატის მეურვედ არჩევის ან არჩევაზე უარის თქმის თაობაზე.

აქამდე არსებული რეგლამენტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემდა ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ. კონკურსის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის დადგენილებით იქმნებოდა 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. ყველას ჰქონდა უფლება, წარედგინა მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის შემდეგ სწორედ საკონკურსო კომისია არჩევდა მეურვეობის კანდიდატებს. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენდა ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ პარლამენტს. საბოლოოდ სამეურვეო საბჭოს წევრებს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით ირჩევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება, რომელთაგან სამს :ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ვადა ეწურება. ზაზე აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით აირჩიეს, გია მურღულია კი – „ქართული ოცნების“ უმრავლესობის.

სრულად წაკითხვა