საბერძნეთში 2026 წლის ივნისის დასაწყისში ამოქმედდება ახალი სახელმწიფო პროგრამა „Ανακαινίζω 2026“ („რემონტი 2026“), რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლის რემონტის ხარჯების 70%-დან 95%-მდე დაფინანსებას სთავაზობს. ინიციატივა მიზნად ისახავს როგორც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ისე უძრავი ქონების ბაზარზე „გაყინული“ ბინების დაბრუნებას.
ამ სამთავრობო ინიციატივაზე – «Ανακαινίζω – Νοικιάζω» („ვარემონტებ და ვაქირავებ“) – სოციალური ერთობისა და ოჯახის მინისტრმა დომნა მიხაილიდუმ ΕΡΤ-ზე გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, წინა მსგავსი ინიციატივებისგან ახალი პროგრამის მთავარი განსხვავება არის ის, რომ სახელმწიფო სუბსიდიის წილი იზრდება.
პლატფორმის გახსნა უახლოეს კვირებში იგეგმება და პროგრამა ქვეყანაში უკვე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საბინაო მხარდაჭერის მექანიზმად განიხილება.
რა არის „Ανακαινίζω 2026“-ის მიზანი
პროგრამა ფინანსდება ΕΣΠΑ-ს (ეროვნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩო) ფარგლებში და ორი ძირითადი ამოცანა აქვს:
- საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოსახლეობისთვის;
- გამოუყენებელი ან მოძველებული საცხოვრებელი ფართების ბაზარზე დაბრუნება.
სამიზნე რაოდენობაა 20 000-მდე საცხოვრებლის რეკონსტრუქცია-განახლება.
საბერძნეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს შეამსუბუქოს საცხოვრებლის დეფიციტი – სიტუაცია, როცა ბინები არსებობს, მაგრამ ისინი გამოუყენებელია.
ბიუჯეტი და დაფინანსება
პროგრამის საერთო გადანაწილებული ბიუჯეტი 2,13 მილიარდ ევროს აღწევს, საიდანაც:
- 1,91 მილიარდი ევრო ახალ სტრატეგიულ პროექტებზე ნაწილდება;
- 224 მილიონი ევრო უკვე მოქმედი პროგრამების გაძლიერებას მოხმარდება.
მხოლოდ საცხოვრებელი მიმართულებით დაახლოებით 500 მილიონი ევრო გამოიყოფა, რაც კერძო სახლების რემონტისა და ენერგოეფექტიანი მოდერნიზაციის ხარჯებს დაფარავს.
ვის შეუძლია სუბსიდიის მიღება
პროგრამა გათვლილია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, თუმცა განსაკუთრებული პირობები ვრცელდება შემდეგ ჯგუფებზე:
- შშმ პირები;
- მრავალშვილიანი ოჯახები;
- მარტოხელა მშობლები;
- 25-35 წლის ახალგაზრდები;
- მთიანი და კუნძულოვანი რეგიონების მაცხოვრებლები.
სუბსიდიის მოცულობა (70%–95%) დამოკიდებულია როგორც შემოსავალზე, ისე უძრავი ქონების მდგომარეობაზე.
თითოეულ ბავშვზე შემოსავლის ზღვარი სუბსიდიის მისაღებად 5000 ევროთი იზრდება – მაგ., წყვილს, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, შეუძლია პროგრამაში ჩაერთოს, თუ მისი წლიური შემოსავალი 45 ათას ევრომდეა.
ამავდროულად, სპეციალური ქულებია გათვალისწინებული სამშვილიანი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხელა მშობლების ოჯახებისთვის, ასევე, ოჯახებისთვის, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რაც საშუალებას აძლევს მათ, რემონტის მთლიანი ღირებულების 95%-მდე სუბსიდია მიიღონ. ამასთან, სუბსიდიის მაქსიმალური მოცულობა 36 000 ევრო იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დეტალი ჯერ ბოლომდე არ არის განსაზღვრული, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება „ჩემი სახლი 2“-ის მსგავსი მოდელი და პროგრამაში არ ჩართავენ სრულიად ახალ უძრავ ქონებას, საბაზრო ფასების შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად.
რა ტიპის სამუშაოები ფინანსდება პროგრამის ფარგლებში
„Ανακαινίζω 2026“ თითქმის სრულად ფარავს საცხოვრებლის განახლების პროცესს. დაფინანსდება:
- სანტექნიკური და ელექტროსამუშაოები;
- კონსტრუქციის გამაგრება და დაზიანებების აღმოფხვრა;
- იატაკის შეცვლა;
- სამზარეულოსა და აბაზანის რემონტი;
- კოსმეტიკური სამუშაოები და შეღებვა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგოეფექტიანობას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.
ენერგოეფექტიანი გადაწყვეტილებები – მთავარი აქცენტი
2026 წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
- ფანჯრებისა და კარების შეცვლა;
- თბოიზოლაცია;
- მზის წყლის გამაცხელებლები;
- განახლებადი ენერგიის სისტემები (RES);
- თანამედროვე გათბობა-გაგრილების სისტემები, მათ შორის, თბური ტუმბოები.
ეს მიმართულება არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას, არამედ ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებასაც ემსახურება.
რას ნიშნავს ეს ბაზრისთვის
პროგრამის შესახებ კომენტარი გააკეთა ვასილიკი პანტელოპულუმ, ΕΣΠΑ-ს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც განმარტა, რომ 2021–2027 წლების პროგრამების გადახედვამ შესაძლებელი გახადა რესურსების განაწილება უფრო აქტუალური საჭიროებების მიმართულებით.
მისივე განცხადებით, საბერძნეთმა ოპერატიულად მოახერხა 2,13 მილიარდი ევროს მიმართვა თანამედროვე გამოწვევების – მათ შორის, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პრობლემის – გადასაჭრელად.
ახალმა პროგრამამ ერთდროულად ორი პრობლემა უნდა მოაგვაროს:
- გააუმჯობესოს მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები;
- გაზარდოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბინების რაოდენობა.
სახელმწიფოს ეს ნაბიჯი გარკვეულწილად პირდაპირ ჩარევას ნიშნავს უძრავი ქონების ბაზარზე – თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსება მიზნობრივად და გამჭვირვალედ მიაღწევს ბენეფიციარებამდე, მოსალოდნელია, რომ შედეგები რეალურად დადებითი იქნება.
ნინო ბაჯელიძე

3 days ago
2






English (US) ·
Georgian (GE) ·