როგორც რადიო თავისუფლების სომხურენოვანი სამსახური წერს, აღნიშნული სისტემის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აიკრძალა „ბჯნის“ მინერალური წყლის 70 000-ბოთლიანი პარტიის, ასევე სომხეთში წარმოებული კიდევ ორი უალკოჰოლო სასმლის პარტიების გაყიდვა.
სოფელი ბჯნი, სადაც ამ მინერალური წყალს მოიპოვებენ და ამზადებენ, სომხეთის კოტაიქის პროვინციაში მდებარეობს.
აკრძალვის საფუძველი, „Честный ЗНАК“-ის მტკიცებით, არის პოტენციური ზიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“.
ამ სისტემის წარმომადგენლების განცხადებით, სომეხმა მწარმოებლებმა „დაარღვიეს რუსეთში იმპორტირებული პროდუქციისთვის დაწესებული პირობები“.
2026 წლის აპრილში, „ჩესტნი ზნაკმა“ რუსეთში მინერალური წყლის „ჯერმუკის“ 338 ათასი ბოთლის გაყიდვა დაბლოკა.
ემბარგო და პოლიტიკური ზეწოლა
- მანამდე, რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და არაერთი კატეგორიის სომხური პროდუქციის აკრძალვის კვალდაკვალ, რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც აკრძალა - ივლისის მეორე ნახევარში;
- რუსეთის მთავრობის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სააგენტომ, „როსსელხოზნადზორმა“ 24 ივლისს, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება ამ თვეში მისი წარმომადგენლების მიერ სომხურ რძის საწარმოებში ჩატარებულ ერთკვირიან ინსპექტირებას;
- თუმცა სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციამ 24 ივლისსავე უარყო მსგავსი დარღვევების არსებობა;
- სანიტარული ნორმების დაცვის მოტივით, რუსეთის ხელისუფლებამ მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში უკვე დაბლოკა სომხეთიდან მრავალმილიონიანი იმპორტის არაერთი პარტია, რომლებიც მოიცავდა ხილს, ბოსტნეულს, მინერალურ წყლებს, ყვავილებს, თევზსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელს, მათ შორის სომხურ კონიაკს.
- მოსკოვი აგრძელებს შეზღუდვების დაწესებას სომხეთის მიერ ევროკავშირთან დაახლოების შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და პროდასავლური კურსის საპირწონედ.
- რუსეთი ერევანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გააკეთოს არჩევანი - გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, თუ დარჩეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·