მე-2 სისტემური გათიშვის მიზეზი „იმერეთის“ ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

1 hour ago 2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვა „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარ ავარიას უკავშირდებოდა.

„წინასწარი შეფასებით, მეორე სისტემური ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის, ძალიან მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, გამორთვის ინსტრუმენტებმა არ იმუშავა სათანადოდ. თუ რა გახდა ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ეს დადგინდება და მერე უკვე გატარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები“, – თქვა დავით ნარმანიამ მედიასთან.

მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ სემეკი თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. უწყებამ ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აღნიშნული კვლევის ფარგლებში, გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და შესაბამისად, ჩვენგან მათ მიეწოდებათ ყველა საჯარო ინფორმაცია“, – თქვა დავით ნარმანიამ.

ნარმანიას განცხადებითვე, ენგურჰესის „დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემები“. მისი განცხადებით, საზღვარგარეთიდან მოიწვიეს ჯგუფი, რომელმაც ეს აპარატურა დაამონტაჟა და ისინი შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას:

„ენგურჰესი, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი, რომელსაც შეუძლია სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დაბალანსება, რომელსაც გააჩნია თავისი დაცვის სისტემები. წინასწარი ინფორმაციით, დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში იყო ასევე პრობლემები, აქედან გამომდინარე, მოწვეულია ტექნიკური ჯგუფი საზღვარგარეთიდან, რომელმაც თავის დროზე დაამონტაჟა ეს აპარატურა, აღნიშნული ჯგუფი დამატებით ნახავს და შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოგვაწვდიან ასევე შესაბამის დასკვნას“, – განაცხადა ნარმანიამ.


24 და 25 ივლისს დედაქალაქსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში რამდენიმე საათით გაითიშა ელექტროენერგია. სემეკმა განაცხადა, რომ მათ საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყეს.

რა გახდა მასშტაბური გათიშვის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე სუს-გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო.

30 ივლისს სემეკ-მა 24 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინა. პირველადი დასკვნის მიხედვით, რომელსაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს, 24 ივლისს, საქართველოს ენერგოსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან, დაახლოებით 00 საათზე, 10 წუთსა და 49 წამზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა.

დასკვნის მიხედვით, ამ მაჩვენებლებმა იმ მნიშვნელობებს მიაღწიეს, რომელთა შედეგად ენერგოსისტემაში დაიწყო კასკადური გამორთვები – როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის სრული ჩაქრობა.

სრულად წაკითხვა