რუსეთში სომხური წყლისა და გაზიანი სასმელების რეალიზაცია შეაჩერეს

57 minutes ago 2

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახურის (Роспотребнадзор) დავალებით, სახელმწიფო მარკირების სისტემამ „ჩესტნი ზნაკმა“ (Честный знак) სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი წყლისა და გაზიანი სასმლის რეალიზაცია შეაჩერა. ამის შესახებ სისტემის ოპერატორმა, პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა (ЦРПТ) განაცხადა.

ცენტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია „რუსეთის მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანის თავიდან აცილების მიზნით“. მიზეზად კი მწარმოებლების მიერ პროდუქციისთვის სავალდებულო მოთხოვნების დარღვევა სახელდება.

შეზღუდვა შეეხო სომხეთში წარმოებული შემდეგი პროდუქციის ცალკეულ პარტიებს: მინერალურ სამკურნალო-სუფრის წყალს BJNI („БЖНИ“), რომელსაც აწარმოებს კომპანია „RRR მინერალური წყლების ქარხანა“, ბუნებრივ სასმელ წყალს „Просто Азбука“, მათ შორის საბავშვო წყალს, რომლის მწარმოებელია კომპანია WATERLOCK და უალკოჰოლო გაზიან სასმელ „მოხიტოს“ (Mojito), ბრენდის DARBAS, რომელსაც აწარმოებს კომპანია „არსენ ევ ნერსესი“.

ЦРПТ-ში განმარტავენ, რომ შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღებში წარმოებულ პარტიებზე და დანარჩენ პროდუქციას არ ეხება.

ЦРПТ-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, რევაზ იუსუპოვის განცხადებით, 2026 წლის დასაწყისიდან „ჩესტნი ზნაკის“ სისტემამ ვადაგასული ან სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით წარმოებული 48 მილიონი ბოთლი სასმელი წყლის გაყიდვა აღკვეთა.

ასევე, რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორმა) აკრძალა სომხეთიდან იმპორტირებული რძის პროდუქტების რეალიზაცია რუსეთის ბაზარზე.

მანამდე, 26 ივნისს, როსსელხოზნადზორმა დროებით შეაჩერა კიდევ ორი სომხური საწარმოს სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეზღუდვები გავრცელდა სომხეთიდან რუსეთში თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტზეც. მაშინ უწყებაში განაცხადეს, რომ შეზღუდვები ძალაში დარჩება, ვიდრე გამოვლენილი დარღვევები სრულად არ აღმოიფხვრება.

სრულად წაკითხვა