რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა მიიტანეს

2 weeks ago 7

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანეს მორიგი შეტევა, რომელიც 14 სექტემბერს, გვიან საღამოს დაიწყო და 15 სექტემბრის დილამდე გაგრძელდა. არიან დაჭრილები. განადგურებულია რამდენიმე ობიექტი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 15 სექტემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქის ნეჟინსკის რაიონში დრონებით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე. ოფიციალურ შეტყობინებაში კონკრეტული ობიექტი დასახლებული არ არის.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, ხანძრის ქრობისას მიზანმიმართული დარტყმა იყო მეხანძრე-მაშველებზეც. 4 მათგანი დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.

რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად 12 ადამიანი დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ახტირსკის რაიონში. ამის შესახებ საოლქო პროკურატურა იუწყება. მისი ინფორმაციით, ორი სარაკეტო დარტყმა იყო აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე, სადაც მოსავლის აღებაში ჩართული მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. პროკურატურის ცნობითვე, დაზიანებულია 30-მდე ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით დარტყმა იყო პავლოგრადის რაიონში მდებარე სატრანსპორტო საწარმოზე. დაიჭრა ერთი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 3 საზენიტო-მართვადი რაკეტით ეს-300 და 84 უპილოტო საფრენი აპარატით.

სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში ჩამოაგდეს, ან გააუვნებლეს 59 რუსული დრონი. რაკეტებით და 25 უპილოტო საფრენი აპარატით პირდაპირი დარტყმა იყო 13 ადგილზე. საჰაერო ძალების სარდლობა კონკრეტულ ადგილებს არ ასახელებს.

14 სექტემბერს, ღამით რუსეთის ჯარებმა საავიაციო ბომბებით დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრს. ამის შესახებ საქალაქო საბჭო იუწყება. დაბომბვის შედეგად დაიჭრა 9 ადამიანი. დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაზიანებულია 12 მრავალბინიანი სახლი.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საავიაციო ბომბებით, დრონებით და არტილერიით შეტევა იყო ოლქის ათზე მეტ რაიონზე. დაზიანებულია სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. 5000-მდე აბონენტს ენერგომომარაგება შეუწყდა.

სრულად წაკითხვა