რუსეთის საგარეო უწყებაში პროტესტი გამოუცხადეს მოლდოვის ელჩს რუსეთის საარჩევნო მეთვალყურეების დაურეგისტრირებლობის გამო

1 week ago 8

24 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოლდოვის რესპუბლიკის ელჩი რუსეთის ფედერაციაში ლილიან დარი.

რუსეთის საგარეო უწყებაში მოლდოველ დიპლომატს „გამოუცხადეს კატეგორიული პროტესტი ეუთო/ოდირის მონიტორინგის მისიის შემადგენლობაში მოლდოვის ხელისუფლების მიერ რუსეთის წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრებისთვის მოლდოვის პარლამენტის 28 სექტემბრის არჩევნებზე საერთაშორისო მეთვალყურეებად აკრედიტაციაზე არამოტივირებული უარის თქმის გამო“.

მოსკოვის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეს ნაბიჯი წარმოადგენს კიშინიოვის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების, კერძოდ, ეუთოს 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტისა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებზე, საარჩევნო უფლებებსა და თავისუფლებებზე დსთ-ს 2002 წლის კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის მონაწილეც არის მოლდოვის რესპუბლიკა“.

რუსეთის საგარეო უწყება მოლდოვას შეახსენებს, რომ რუსეთის წარმომადგენლების დაურეგისტრირებლობა „დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია“ და „წარმოადგენს ანტირუსული კურსის მორიგ გამოვლინებას“.

22 სექტემბერს მოლდოვის პრეზიდენტმა მოლდოველი ამომრჩევლისადმი წინასაარჩევნო მიმართვა ასეთი სიტყვებით დაიწყო: "დღეს სრული სერიოზულობით გეუბნებით: ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და და ევროპული მომავალი საფრთხეშია. კრემლი ასხამს ასობით მილიონ ევროს, რომ იყიდოს ასიათასობით ხმა დნესტრის ორივე ნაპირზე და საზღვარგარეთ. ხალხი ყოველდღიურად იწამლება ტყუილებით. ასობით პირს უხდიან თანხას არეულობის, ძალადობისა და შიშის გავრცელების პროვოცირებისთვის”. მაია სანდუმ კრემლი არაერთხელ ახსენა, როგორც უმნიშვნელოვანესი საფრთხე მოლდოვისთვის და ის თავისი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში დანაშაულებრივ ჩარევაში ამხილა:

“რუსეთი მარტო არ მოქმედებს. კრემლს ჰყავს თანამზრახველები მოლდოვაში - ხალხი, რომელიც დროდადრო აჩვენებს, რომ მზად არიან ფულზე გაყიდონ თავიანთი ქვეყანა. მათ არ გააჩნიათ სამშობლო, მათ მხოლოდ ბატონები ჰყავთ”.

მოლდოვაში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება.

28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

სრულად წაკითხვა