აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზაში ომი "ჯერ" არ დასრულებულა და აღნიშნა, რომ პირველი ფაზა იქნება ჰამასის მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება, ხოლო დეტალები, თუ რა მოხდება ამის მერე, ჯერაც დასაზუსტებელია.
რუბიომ ტელეკომპანია NBC-სთან საუბარში ასევე თქვა, რომ ჰამასი "პრინციპში" დათანხმდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას და მძევალთა გათავისუფლების გეგმას, და საამისო ლოგისტიკის კოორდინაციისთვის ახლა მიმდინარეობს შეხვედრები. "ისინი ასევე დათანხმდნენ, პრინციპში და ზოგადად, მიღებას იდეისა იმის თაობაზე, თუ რა მოხდება შემდეგ" - თქვა რუბიომ და დასძინა, რომ ბევრი დეტალი უნდა გამოიკვეთოს.
რუბიოს თქმით, აშშ-ს "ძალიან მალე" ეცოდინება რამდენად სერიოზულად ეკიდება ჰამასი ამ პროცესს - ეს გამოჩნდება მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე.
"პირველი პრიორიტეტი - რომლის მიღწევასაც, ვიმედოვნებთ, ძალიან სწრაფად შევძლებთ, არის ყველა მძევლის გათავისუფლება, ისრაელის მხრიდან უკანდახევის სანაცვლოდ" ყვითელ ხაზთან - სადაც ისრაელი აგვისტოში იყო განთავსებული, თქვა რუბიომ. მისი თქმით, ღაზის გრძელვადიანი მომავლის გადასაწყვეტად მეორე ფაზა "კიდევ უფრო რთული" იქნება.
"რა მოხდება მას მერე, რაც ისრაელი უკან დაიხევს ყვითელ ხაზთან? ... როგორ უნდა შეიქმნას ეს პალესტინური ტექნოკრატიული მმართველობა, რომელიც არ იქნება ჰამასი?" - თქვა რუბიომ.
5 ოქტომბერს, მოგვიანებით, ტელეკომპანია Fox News-სთან საუბარში რუბიომ თქვა, რომ გადაწყვეტილი არაფერია.
"ვერავინ გეტყვით, რომ 100 პროცენტიანი გარანტია არსებობს" - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.