15
უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი, გამოცემა “კვირის პალიტრასთან” ჰყვება, როგორ ექცეოდნენ ქართველები ტყვეებს ომის დროს და ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ თქვა გიორგი ბარამიძემ, რომ ტყვეები არ აჰყავდათ ქართველ მეომრებს, რადგან თავად ბარამიძე ხელმძღვანელობდა ტყვეების გაცვლას. ცნობისთვის, მამუკა მამულაშვილი 14 წლის იყო, როცა ტყვედ ჩავარდა.
მამულაშვილი:
-როდესაც ტყვეობაში ვიმყოფებოდი, პირადად მახსოვს, რომ გიორგი ბარამიძე ჩამოდიოდა გუდაუთის ბანაკში, სადაც ქართველი სამხედრო ტყვეები ვიყავით და გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობდა. რამდენადაც მაშინ ვიცოდი, ის ხელმძღვანელობდა კომიტეტს ან სტრუქტურას, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებზე მუშაობდა. სახელმწიფო დონეზე მის ოფიციალურ თანამდებობას ან იმდროინდელ პოლიტიკურ გარემოებებს ვერ შევაფასებ, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მისი ბანაკში ყოფნა და ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობა ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენი ბიჭების ნაწილი, რომლებიც მაშინ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, სწორედ გიორგი ბარამიძესთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში.
რაც შეეხება აფხაზეთის ომის დროს ტყვეების მიმართ მოპყრობას, აქაც მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვისაუბრო. ომის დაწყებიდან დასრულებამდე იქ ვიყავი. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ აფხაზეთში აყვანილი ტყვე დაეხვრიტათ. მამაჩემის დანაყოფსაც არა ერთხელ აუყვანია ტყვეები, მაგრამ არათუ არ დაუხვრიტავთ, უდიერადაც არ მოქცევიან, უფრო მეტიც, მახსოვს მძიმედ დაჭრილი ტყვეები, რომლებსაც ჩვენებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თქვენ იცით, რომ მეც ნამყოფი ვარ ტყვეობაში და, ალბათ, სწორედ ამიტომ ვუყურებ ამ საკითხს განსაკუთრებით მძაფრად. ტყვეების დახვრეტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თითოეული ტყვე იყო თითო გადარჩენილი ქართველი ადამიანის სიცოცხლის შანსი.
არასრულწლოვანი ვიყავი, წითელი ჯვრისა და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნით გადამიყვანეს აფხაზურ ოჯახში. ტყვეთა ბანაკს ნამდვილად სჯობდა, თუმცა აფხაზის ოჯახშიც ცალკე ოთახში ვიყავი გამოკეტილი. ნორმალურად მექცეოდნენ, საჭმელს მაძლევდნენ, ძირითადად, ღომს. მესამე დღეს გაქცევა ვცადე. ფანჯრებზე აჭედილ ფიცრებს ლურსმნები ამოვაძრე, პირველი სართულიდან გადავხტი და მთელი ღამე გუდაუთის ქუჩებში ვიხეტიალე. ბოლოს მივხვდი, რომ გზას ვერ გავაგნებდი. ვიფიქრე, ქუჩაში არავინ მომკლას-მეთქი და ისევ უკან დავბრუნდი. რა თქმა უნდა, მიხვდნენ, რომ გაქცეული ვიყავი, რადგან ფანჯრებზე აკრული ფიცრებიდან ლურსმნები იყო ამოძრობილი. ისევ ტყვეთა ბანაკში დამაბრუნეს.
სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ აფხაზები რუსებივით არაკაცურად იქცეოდნენ. მე ვფიქრობ, ისინი რუსული პროპაგანდის მსხვერპლნი იყვნენ. სხვათა შორის, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ, აფხაზები მათ ჩემს თავს აჩვენებდნენ. ამაყობდნენ – ნახეთ, კავკასიელებს როგორი ტრადიციები გვაქვს, ბავშვებიც კი მეომრები გვყავსო. კიდევ ერთი მაღალი, გამხდარი ოსი ბაბუა მახსოვს, ძალიან თბილად მექცეოდა. ჩემი და, ზოგადად, ტყვეების ცემაში რუსები და სომხები მონაწილეობდნენ. სომხები ქაოსურად შემოცვივდებოდნენ და გვცემდნენ, რუსები პროფესიულ დონეზე გვაწამებდნენ. მე არ მახსოვს, რომ ტყვეთა ბანაკში აფხაზებს ვეცემეთ.
სინამდვილეში, ჩემს დახვრეტას არ აპირებდნენ, ეს უბრალოდ, ფსიქოლოგიური ტერორი იყო. გავუძელი იმიტომ, რომ ბავშვი ვიყავი და საფრთხეს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ზოგჯერ რომ დავფიქრდები, რას ვაკეთებდი, ახლა უფრო მეშინია, ვიდრე – ბავშვობაში. მამამ ომის შემდეგ მითხრა, რომ ტყვედ ჩავარდნის დროს წამით უფიქრია, მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის… ხშირად მახსენდება მამაჩემის სიტყვები, რომელიც ერთხელ ერთ რუს ოფიცერს უთხრა, – “ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოსო”. სხვათა შორის, ამ სიტყვებმა არა მარტო გადამარჩინა, არამედ – ჩემი მომავალი ბედისწერაც განსაზღვრა.
პრორუსი აფხაზი პოლიტიკოსის, ვინმე ჯინჯოლიას 18 წლის შვილში გადამცვალეს. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, გიორგი ბარამიძე ჩემს გათავისუფლებაში მონაწილეობდა. რა თანამდებობა ეკავა, არ ვიცი, ტყვეობაში მყოფ 14 წლის ბავშვს ეს არ მაინტერესებდა, მაგრამ მას ჩემი გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუღვის.
საერთაშიროსო alia.ge