„რითეილ ასოციაცია“ სურსათის ფასებზე ახალი ინიციატივით გამოდის

2 days ago 4

02.05.2026

საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აანონსებენ „საოჯახო კალათის“ ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური, შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფასებში.

როგორც „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ასოციაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ვრცელ დასკვნას, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა.

ამ ასოციაციაში შედიან მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციებიდან სექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები. ეს მოდელები გამორიცხავს ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან და მიზნის მიღწევას კონკურენციის პრინციპების გაძლიერებით ისახავს მიზნად.

განცხადების თანახმად, სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს სექტორის წარმომადგენლებმა ახალი მიდგომა, რომელიც “მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის”.

“სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სავაჭრო ქსელები თავად უზრუნველყოფენ იმ ძირითადი პროდუქტების იდენტიფიცირებას, რომლებზეც ფასდაკლებები გავრცელდება”.

„რითეილ ასოციაცია“ ხაზს უსვამს, რომ პროცესის ეფექტიანობა მიწოდების ჯაჭვის ყველა მონაწილეზეა დამოკიდებული და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს პარტნიორ კომპანიებს:

„ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.“

განცხადების დასასრულს, ორგანიზაცია გამოთქვამს მზაობას, გააგრძელოს კონსტრუქციული თანამშრომლობა როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ფასების დასასტაბილურებლად მდგრადი და გრძელვადიანი შედეგები იქნეს მიღწეული.

სრულად წაკითხვა