რანაირად ჯდება სიფრთხილეში ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის გავრცელება? – ბოკერია პაპუაშვილს

7 hours ago 2

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია შალვა პაპუაშვილის ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ამერიკის და დასავლეთის ჯაშუშებად მიიჩნევს ყველას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მათთან პარტნიორობა საქართველოს ეროვნული ინტერესია.

ბოკერიას თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმის ხელდასხმით საქართველოში ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის ვრცელდება.

ბოკერიამ დაანონსა, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოში ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის შესახებ.

„მორიგ ჯერზე მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლისგან, რომ ამერიკის და დასავლეთის ჯაშუშებად გვთვლის ყველას, ვინც მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობა დასავლეთთან და შეერთებულ შტატებთან. ეს ახალი არ არის. ამასთან ერთად მოვისმინეთ კიდევ ერთხელ გზავნილი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში აშშ-ს გავლენისა და დღის წესრიგს თავსმოხვევა საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად, უცხო ქვეყნის დღის წესრიგის თავსმოხვევა ქვეყნის შიგნით, არის სუვერენიტეტის შელახვაო და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ დიდი ბიჭების დაპირისპირებაში არ გავიჭყლიტოთო.

ამიტომ მთავარი კითხვა, რაც უნდა დავუსვათ რიტორიკულად ამ რეჟიმს, რაც საზოგადოებამ უნდა გაიგოს, არის შემდეგი: რანაირად ჯდება ამ ლოგიკაში, სიფრთხილესა და უცხო ქვეყნის გავლენის არ გავრცელების სტრატეგიაში, ის რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით, ივანიშვილის რეჟიმის ხელდასხმით –  აიათოლების ირანის რეჟიმის გავლენის ქსელის გავრცელება ალ მუსტაფას უნივერსიტეტიდან დაწყებული, ყველა სხვა ქსელით ჰამასისა და ჰესბოლას მიმდევრებით და მაისურებით, ბანერებით სულეიმანის და ჰამენეის, და პირდაპირი გზავნილით, ჩვენი ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეების ნაწილისგან, რომ ისინი ემორჩილებიან უცხო ქვეყნის, ირანის აიათოლების რეჟიმს: „აიათოლა, ყველა შენ ბრძანებას შევასრულებთ“. პირდაპირ აცხადებენ, რომ ქართული სახელმწიფოს და კონსტიტუციის მიმართ კი არ არიან ლოიალურები, არამედ უცხო ქვეყნის, თან როგორი ქვეყნის – აიათოლების ირანის რეჟიმის ლიდერის მიმართ არიან დაქვემდებარებულები.

ამიტომ, ჩვენ ფედერალისტები და ალიანსი, უახლოეს დღეებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინებთ და საზოგადოების წინაშე წარვდგებით პრეზენტაციით, თუ რამხელა ნაღმს გვიდებს ივანიშვილის რეჟიმი ჩვენი ქვეყნის შიგნით, ამ ქსელის სახით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას აკრიტიკებენ, სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. კერძოდ, ის ასე გამოეხმაურა ოპოზიციური ალიანსის განცხადებას, სადაც ოპოზიცია მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე საუბრობდა, მათ შორის  სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს გაზრდილ ინტერესებსა და ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებაზე. ოპოზიციის ალიანსის განცხადებით, საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები დგება სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც რეჟიმად ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  ოპოზიციისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.

სრულად წაკითხვა