პრეზიდენტ ტრამპის თქმით, აშშ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას

2 months ago 16

აშშ განაახლებს უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც შაბათ-კვირის უქმეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, 9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს თითქმის უკვე გააკეთეს.

5 მარტს მედიით გავრცელდა ცნობები, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, რაც სერიოზულად აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარს, ქვეყანა დაიცვან რუსეთის დარტყმებისგან.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეჩერებულია. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა თეთრ სახლში, მისი შელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ კარგ შედეგებს მოელის უკრაინის დელეგაციასთან ამ კვირაში, საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრისგან.

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შეხვედრა 11 მარტსაა დაგეგმილი.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან, რათა განსაზღვრონ, რა დათმობებისთვის არის მზად უკრაინა ომის დასასრულებლად. მოლაპარაკებების შედეგებზე დამოკიდებული იქნება სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.

საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

18 თებერვალს სწორედ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა. უკრაინა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, რამაც კიევის და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.

28 თებერვალს ვაშინგტონში ჩაიშალა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკება და ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.

სრულად წაკითხვა