პლატფორმა „სალამი“: ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ წინააღმდეგ რეპრესიული კანონის ამოქმედება დაიწყო

1 week ago 12

მოძრაობა „სალამი“, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ მიმართა და „მოცულობითი და დეტალური ინფორმაცია“ მოითხოვა.

ორგანიზაციის ცნობით, ორგანიზაციამ დღეს, 25 სექტემბერს ჩაიბარა ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელიც, პლატფორმის სიტყვებით, მათ წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებშია გამოგზავნილი.

„წერილის თანახმად, წარმოება დაწყებულია „გრანტის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით, და ბიურო პლატფორმა „სალამს“ სთხოვს გარკვეული სახის მოცულობითი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„სალამი“ წერს, რომ ის წარმოადგენს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენად ითვლება და ყოველდღიურად განიცდის სისტემურ დისკრიმინაციას.

„რეპრესიული კანონების მიღებამ მნიშვნელოვნად გააუარესა პლატფორმა „სალამის“ მდგომარეობა და შექმნა (და კვლავაც ქმნის) ხელოვნურ ფინანსურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ ბარიერებს. შედეგად, პლატფორმას ეზღუდება შესაძლებლობა, ეფექტიანად დაიცვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„დღეს, რეპრესიული კანონების მეშვეობით, ვხედავთ მცდელობას, რომ უმცირესობებს, რომლებსაც ისედაც შეზღუდული უფლებები აქვთ, სრულად წაერთვათ მათთვის დარჩენილი ბერკეტებიც“, - წერია პლატფორმის გავრცელებულ განცხადებაში.

„სალამი“ ასევე წერს, რომ ის განაგრძობს ბრძოლას და „არ დაუშვებს უმცირესობების უფლებების წართმევას“.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში დონორების მხარდაჭერით არსებობდნენ, ე.წ. „ფარამ“ და გრანტების კანონში ცვლილებებმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

FARA-ს ძალით ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო დონორების დაფინანსებას იღებენ, აგენტებად დარეგისტრირებას ავალდებულებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აგენტად დარეგისტრირებაზე უარი თქვა.

შედეგად, ბევრი რედაქცია ან დაიხურა, ან ახლა იხურება.

სრულად წაკითხვა