პენტაგონმა შეცვალა და შეამცირა ირანთან ომის მსხვერპლის ოფიციალური მონაცემი - აშშ-ის არმიის იმ წევრების რიცხვი, რომლებიც უკვე ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისას დაიღუპნენ ან დაიჭრნენ.
ამ ნაბიჯმა დემოკრატი კანონმდებლებისა და სხვა პირების მხრიდან ბიძგი მისცა კითხვებს პენტაგონის მეთოდოლოგიაზე და ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხზე.
თავდაცვის დეპარტამენტის ბოლო, 27 ივლისის მინაცემებით, დაიღუპა აშშ-ის არმიის 14 მოსამსახურე, დაიჭრა 400-ზე მეტი.
თუმცა 21 ივლისს პენტაგონის ნუსხაში 18 დაღუპული იყო დასახელებული, ეს მონაცემი მოიტანა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, 23 და 26 ივლისს.
აშშ-ის და ისრაელის ძალებმა ირანზე იერიში პირველად მიიტანეს 28 თებერვალს. 7 აპრილს ვაშინგტონმა და თეირანმა მიაღწიეს შეთანხმებას ცეცხლის ორი კვირით შეწყვეტის თაობაზე, თუმცა ურთიერთდარტყმები გაგრძელდა.
7 ივლისს ტრამპმა კონგრესს შეატყობინა, რომ ირანთან ახალი კონფლიქტი დაიწყო.
აშშ-ის ძალები ზედიზედ 12 დღის განმავლობაში ახორციელებდნენ თავდასხმებს სამიზნეებზე ირანში. პასუხად, თეირანი ესხმოდა თავს მისი თქმით აშშ-ის სამიზნეებს სპარსეთის ყურის მასშტაბით, ასევე დარტყმებს ახორციელებდა ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე კომერციულ ხომალდზე.
მონაცემის შეცვლამ აშშ-ში ბიძგი მისცა ორპარტიულ ძალისხმევას იმის დასადგენად, თუ როგორ ავრცელებს პენტაგონი მსხვერპლის მონაცემს და რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებს ეს უწყება მას მერე, რაც დაირღვა ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმი.
გასულ კვირაში 12-მა დემოკრატმა კანონმდებელმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტიდან წერილი გაუგზავნა თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს და ჰკითხა, როგორ აიხსნება მსხვერპლის მონაცემის ცვლილება.
რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, ტომას მასიმ პენტაგონი მწვავედ გააკრიტიკა თავის პოსტში - "პენტაგონი თავს ისე აჩვენებს, რომ ირანის ორ ომს ცეცხლის შეწყვეტის მოკლე მონაკვეთი ჰყოფს. რეალობა ისაა, რომ კონგრესის თანხმობის გარეშე 90-დღეზე მეტხანს მოქმედებით [ჰეგსეთი] კანონს არღვევს და ამაზე პასუხი უნდა აგოს".
პენტაგონის პრესმდივანმა უარყო ბრალდება, რომ მსხვერპლის მონაცემის შემცირება მიზნად ისახავს ომის მსხვერპლის რიცხვის დამალვას. მისი თქმით, ცვლილება გამოიწვია მონაცემების დროებითმა ხარვეზმა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·