ანდრია ჯაღმაიძე: სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან

1 hour ago 5

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი“.

ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ახალი მოძრაობის დაფუძნებას, რომელის წევრებიც მზად არიან „ეროვნული იდენტობა“ დაიცვან „საჭიროების შემთხვევაში ციხეში წასვლითაც“ კი.

„ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი, ეკლესიისადმი ასეთი შეკითხვის დასმაც კი უხერხულია. სამწუხაროდ, ბოლო წლებში საეკლესიო სიწმინდეებისადმი უდიერი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მრავალჯერ გამოვლინდა, რაზეც მორწმუნე საზოგადოებას გულისტკივილი არაერთხელ გამოუთქვამს.

მნიშვნელოვანია, რომ აზრის გამოთქმის დროს ადამიანებმა შეურაცხყოფა არ მიაყენონ სხვების ღირებულებებსა და სიწმინდეებს, მეორე მხრივ კი, ამა თუ იმ მოძრაობისა თუ კერძო პირის მიერ სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგან, აგრესიისა და კანონის დარღვევისგან“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლების.

დღეს, 27 ივლისს ​MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფუძნებენ მოძრაობას, რომელიც „ქართული კულტურასა და ეროვნულ იდენტობას დაიცავს“. ბრიფინგის შედეგ მათ ჟურნალისტების დასმული კითხვებიდან მხოლოდ ნაწილს უპასუხეს. მათ შორის, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - რა ქმედებებს განიხილავენ, როცა ამბობენ, რომ „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავლენ“.

ამ მოძრაობის დაფუძნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 ივლისს კომიკოს ონისე ოქრიაშვილს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. თავდასხმას წინ უსწრებდა ხელისუფლების მომხრე ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებული მცირე ნაწყვეტი იუტუბ-შოუდან, რომელშიც კომიკოსი პოპულარული მწერლის, ნოდარ დუმბაძის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს სოციალური მედიით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა "მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა".

მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი თავად გამოცხადდა პოლიციაში და ასე დააკავეს ის. 39 წლის ნიკო ხურცილავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წაუყენეს. მას სასამართლომ 25 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაო შეფარდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის საბაბით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სრულად წაკითხვა