ევროკავშირის მიერ რუსული „ინტერ-რაოს“ დასანქცირების შემდეგ, საქართველს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკები „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ.
„ინტერ-რაო“ „თელასის“ საბოლოო მფლობელი კომპანიაა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ-რაოს“ მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის.
საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა.
ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
„ინტერ-რაო“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომელსაც დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და რუსეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„ინტერ-რაოს“ ენერგოჰოლდინგი აერთიანებს ელექტროენერგიისა და თბოენერგიის გამომუშავებით, ენერგოვაჭრობით, ელექტროენერგიის საცალო გაყიდვებით, ენერგეტიკული მანქანათმშენებლობით, საინჟინრო სერვისებითა და დარგობრივი IT ტექნოლოგიებით დაკავებულ კომპანიებს. იგი ოპერირებს რამდენიმე ქვეყანაში და წარმოდგენილია რუსეთის 30-ზე მეტ რეგიონში. მისი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 31 გიგავატს (გვტ) შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ „ინტერ რაო“ შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან აქტივს ფლობს საქართველოში:
- სს „თელასი“ — თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია. „ინტერ რაო“ შვილობილი კომპანიის, Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით „თელასის“ აქციების 75.1%-ს ფლობს. აპირებს დარჩენილი წილის შეძენასაც.
- „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“ — ჰიდროელექტროსადგურები მდინარე ხრამზე. ამ აქტივებს „ინტერ რაო“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, Gardabani Holdings B.V.-ის საშუალებით აკონტროლებს.
„ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიები დასანქცირბეულები არ არიან.
რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ საქართველოს დავა აქვს წაგებული საერთაშორისო არბიტრაჟში და ა 76 მლნ დოლარს უხდის.
დავის საგანი მდგომარეობდა იმაში, რომ კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.
2022 წელს საერთაშორისო არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას „ინტერ რაოსთან“ 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·